ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს

ესტონეთის პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა, რომელიც თბილისს სტუმრობს, კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ქვეყნის „ძლიერი და უწყვეტი მხარდაჭერა“ საქართველოს ევრო–ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და განაცხადა, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე „დადებითი გადაწყვეტილება“ წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი, თუ საქართველო დარჩენილ „ტექნიკურ საკითხებს“ მოაგვარებს.

პრეზიდენტმა ილვესმა ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი თბილისში სამშაბათს თავის ქართველ კოლეგასთან, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრით დაიწყო. 3 ივნისს იგი პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან გამართავს მოლაპარაკებებს.

თავის ქართველ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას პრეზიდენტმა ილვესმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი რიგაში გასულ თვეს წარმატებული იყო და მხოლოდ „ტექნიკური საკითხების“ გადაწყვეტა რჩება და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმიც დამყარდება.

„ზოგიერთები, მე აქ წავიკითხე, არ ფიქრობენ, რომ ის წარმატებული იყო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მხოლოდ ტექნიკური მოტივებით… ვიზალიბერალიზიაცია – ამას უფრო მეტი დრო სჭირდება; საკმარისი დრო არ იყო ამისთვის“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

მან განაცხადა, რომ „იმ შემთხვევაში, თუ საქართველო იმუშავებს ტექნიკურ მხარეზე, ეს წელს მოხდება, 2015 წლის ბოლომდე – გადაწყვეტილება იქნება დადებითი“.

„თქვენ ტექნიკურ საკითხებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება. წლის ბოლოსთვის მიღებული იქნება გადაწყვეტილება საქართველოს და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თაობაზე. ამას კიდევ 4–5 თვე დასჭირდება, სანამ განხორციელდება… ეს მოხდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა ილვესმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ესტონეთს მხარდაჭერისთვის, განაცხადა, რომ საქართველოს ამჟამად ყველა „მექანიზმი“ და „რესურსი“ გააჩნია ევროკავშირის მიმართულებით, რათა წარმატებით განახორციელოს ვიზალიბერალიზაციისთვის და შემგდომი ევროპული ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმები.

მან ხაზი გაუსვა, რომ ამ რესურსების შესუსტებისკენ განხორციელებული ძალისხმევა იმ „პროპაგანდის“ ნაწილია, რომელიც მიზნად  იმის წარმოჩენას ისახავს, რომ საქართველოს პერსპექტივები წარუმატებლობისთვის არის განწირული.   

საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით ესტონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „პერსპექტივა აქ არის; ერთადერთი საკითხია, თუ როდის მოხდება ეს; და კიდევ ერთხელ, რაც შეიძლება მეტად გაამახვილეთ ყურადღება ტექნიკურ საკითხებზე“.

ილვესმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შემსუბუქების მიზნით საქართველომ უნდა „აჩვენოს, რომ თქვენ ისევე კარგები ხართ, როგორც სხვები“, რაც, მისი თქმით, სწორედ ისაა, რაც ესტონეთმა გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანებამდე. 

მან განაცხადა, რომ როდესაც ესტონეთმა 1995 წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი, იქ არაფერი იყო ნახსენები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

„იფიქრეთ ევროკავშირში ინტეგრაციაზე, როგორც სახელმწიფო მშენებლობის პროცესზე“, – განაცხადა ილვესმა. 

როდესაც ესტონეთის პრეზიდენტს რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით რუსეთის რეაქციაზე ჰკითხეს, რომელმაც განაცხადა, რომ სამიტის გადაწყვეტილებები „ძველი სიმღერა“ იყო, მან უპასუხა: „ამ ქვეყნიდან წამოსულ რამეს სერიოზულად იღებთ?… მათ განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“.

რაც შეეხება ნატოს, ილვესმა განაცხადა, რომ „ესტონეთი საქართველოს [ალიანსში] გაწევრიანების ერთ–ერთი ძლიერი მხარდამჭერია“.