ღარიბაშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება მარიხუანას დეკრიმინალიზაციას
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „მკვეთრად უარყოფითი“ პოზიცია გამოხატა მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ამგვარ ნაბიჯს „სავალალო შედეგები“ მოყვება.
„ამაზე მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს, მე პირადად და გუნდშიც, მე ვიცი, რომ არ არის საერთო აზრი ამ საკითხზე“, – განაცხადა მან მთავრობის სხდომაზე 4 ივნისს.
„ეს არის ჩვენი ნარკოპოლიტიკის აბსოლუტური გადახედვა. ასე რომ, ამის შედეგებს სჭირდება ძალიან კარგი გააზრება“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
2 ივნისს მთავრობის კანცელარიის წინ მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა. ანალოგიური აქციები თბილისში და რამდენიმე სხვა ქალაქში 2 ივნისს ყოველწლიურად იმართება 2013 წლის შემდეგ.
საქართველოს კანონმდებლობით, მცირე რაოდენობის მარიხუანას შენახვა პირადი მოხმარებისთვის, მისი გაყიდვის გარეშე, ადმინისტრაციული დანაშაულია და 500 ლარით ჯარიმდება.
განმეორებითი დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსით 1 წლამდე პატიმრობით ისჯება.
ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა დეპუტატმა, გოგა ხაჩიძემ კანონპროექტის ინიცირება მოახდინა, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც, მარიხუანას შენახვა და გამოყენება სისხლის სამართლის დანაშაული აღარ იქნება, თუმცა ადმინისტრაციული წესით, 100 ლარიანი ჯარიმით დაისჯება.
„მე ვიცი, რომ ახალგაზრდები ემოციურად საუბრობენ ამ საკითხზე, მაგრამ ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი. ამის სავალალო შედეგებზე ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ვიფიქროთ და გავიაზროთ. მე პირადად ვარ აბსოლუტურად და კატეგორიულად წინააღმდეგი“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
„ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ შევუქმნათ ჩვენს მომავალ თაობას უფრო ბედნიერი და ძლიერი მომავალი, ვიფიქროთ მათ ჯანსაღ ცხოვრების წესზე და არა – მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე. შემდეგ მოითხოვენ ლეგალიზაციას და მივიღებთ აბსოლუტურად სავალალო შედეგებს მომავალი თაობისთვის“, – განაცხადა მან.
„სამწუხაროა, რომ საზოგადოება არ არის კონსოლიდირებული და არ საუბრობს მთის განვითარებაზე, დემოგრაფიის საკითხებზე, რაც ჩვენთვის უნდა იყოს ყველაზე მტკივნეული საკითხი და საუბრობენ იმაზე, რომ მარიხუანა თავისუფლად მოწიონ ქუჩებში. ვისაც სურს, მოუწოდონ თავიანთ შვილებს, თუ ასე ძალიან უნდათ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.