ღარიბაშვილი: ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა ‘სრული კრახი’ განიცადა

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა  „სრული კრახი“ განიცადა და ის უნდა „გადაიხედოს“, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 8 ივნისს.
 
პრემიერ–მინისტრის განცხადება მკვლელობის იმ საქმეზე დებატების ფონზე  გაკეთდა, რომელზეც ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი ვერ გამოიტანეს 5 ივნისს 13 საათიანი განხილვის შემდეგ.  საქმე ეხება ვაკეში 2014 წლის სექტემბერში ლაშა მახარაძის მკვლელობას. დანაშაულში ბრალდებული მამაკაცის ამ საქმეს ახლა სხვა ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. თუმცა, მახარაძის ოჯახის წევრებმა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს და საქმის მოსამართლის მიერ განხილვას ითხოვენ.  
 
„რა თქმა უნდა, ჩემთვის არის აღმაშფოთებელი ის, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირის გასამართლება ვერ მოხერხდა. ეს არის სრულიად აღმაშფოთებელი ფაქტი. ჩვენ ვიხილეთ, რომ ამ ინსტიტუტმა, ნაფიც მსაჯულთა ინტიტუტმა განიცადა სრული კოლაფსი და სრული კრახი.  ჩვენ ვართ ვალდებული, ამას გადავხედოთ და ის, რაც ხარვეზი არის, გამოვასწოროთ“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს 8 ივნისს, თუმცა არ დააკონკრეტა, თუ რას გულისხმობდა გადახედვაში, „რა თქმა უნდა, ოჯახი, დაზარალებული ოჯახი, რომელიც არის ლაშა მახარაძის ოჯახი, მათ აქვთ აბსოლუტურად სრული სამართლიანი მოთხოვნა, რომ დამნაშავე დაისაჯოს. ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს.  როგორ, რა მეთოდებით, ამას შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ“. 
 
ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის არსებობას კონსტიტუცია ითვალისწინებს და მის გაუქმებას ხანგრძლივი და რთული პროცედურები დასჭირდება. 
 
კანონის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოები მხოლოდ დანაშაულის რამდენიმე კატეგორიაზე ვრცელდება, მათ შორის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის საქმეებზე. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ საქმეები თბილისის და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებში განიხილება.
 
დღემდე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 10 საქმეზე გაიმართა მას შემდეგ, რაც 2010 ეს ინსტიტუტი დაინერგა. ყველა საქმეზე, გარდა ამ ბოლო საქმისა, ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი გამოიტანეს. 
 
ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება მას შემდეგ, რაც ის 2014 წლის სექტემბერში სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში დააკავეს და შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას გადმოსცეს.
 
წინასწარი პატიმრობის ცხრა-თვიანი ვადა ივნისში იწურება, რის შემდეგაც იგი წინასწარი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს.
 
თუმცა, პრემიერ–მინისტრის მიერ 8 ივნისს გაკეთებული განცხადების შემდეგ, პროკურატურამ განაცხადა, რომ მან მკვლელობაში ბრალდებულს ახალი ბრალდებები წაუყენა და უახლოეს მომავალში სასამართლოს მიმართავს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შერჩევის მოთხოვნით.
 
ახალი ბრალდებები არ უკავშირდება მახარაძის მკვლელობას და მოიცავს წინასწარი დაკავების დროს „პირადი მოტივით ცრუ დასმენის ფაქტს“. პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები მისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულა. თუ სასამართლო ახალი ბრალდებით მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას მიიღებს, ბრალდებული ვეღარ შეძლებს ივნისში საპატიმროს დატოვებას მიუხედავად იმისა, რომ მახარაძის საქმეზე მისი წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა იწურება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)