ევროკავშირი მზად არის წყალდიდობით დაზარალებულ თბილისს დახმარება აღმოუჩინოს
ევროკავშირმა განაცხადა, რომ მას კონტაქტი აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან და მზად არის ქვეყანას დახმარება აღმოუჩინოს თბილისში მომხდარი წყალდიდობის გამო.
„ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს ამ საჭირო მომენტში“, – განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის პრესსპიკერმა კვირას გავრცელებულ განცხადებაში, „თანაგრძნობას ვუცხადებთ თბილისში ორდღიანი ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის მსხვერპლთ და დაზარალებულებს“.
„საგანგებო რეაგირების საკოორდინაციო ცენტრი ყურადღებით ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს. კონტაქტი გვაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან და მზად ვართ ქვეყანას დახმარება აღმოვუჩინოთ თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრაში, რასაც მსხვერპლი მოყვა, სერიოზული ზიანი მიაყენა დედაქალაქის ინფრასტრუქტურას“, – განაცხადა პრესსპიკერმა.