პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვის წინ ითხოვს
მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხუთი ყოფილი თანამშრომლის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს მაშინ, როცა მათი წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 41 დღე.
საქმე, რომელსაც ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას თანამდებობა შეეწირა და რომელსაც ის „პოლიტიკურად“ მოტივირებულს უწოდებს, ოქტომბრის ბოლოს გახმაურდა, როცა თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ერთი ყოფილი და მაშინ ოთხი მოქმედი თანამშრომელი საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ბრალებით დააკავეს; წინასწარი პატიმრობის 7.5 თვის განმავლობაში სასამართლოს აღკვეთის ღონისძიება მათ მიმართ არ შეუცვლია.
პროკურატურის ამ შუამდგომლობას სასამართლო 19 ივნისს განიხილავს.
ოპოზიციური "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, დაკავებულთა გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობის დაყენებას ხვალინდელ სხდომაზე დაცვის მხარეც აპირებდა და ბრალდების მხარის ანალოგიური ნაბიჯი იმას ნიშნავს, რომ „მათ აქვთ სურვილი შეინარჩუნონ სახე ამ გარდაუვალი გადაწყვეტილების წინა დღით, რომელიც მოსალოდნელია ხვალ მიიღოს სასამართლომ ამ უდანაშაულო ხუთი ადამიანის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ“.
პროკურატურამ განაცხადა, რომ მას არ აქვს მოლოდინი, რომ საქმეზე, რომელიც ჯერ კიდევ წინასასამართლო განხილვის "უპრეცედენტოდ" გრძელ ეტაპზეა, საბოლოო განაჩენი 28 ივლისამდე ანუ იმ დრომდე დადგეს, როცა ბრალდებულთა წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადა იწურება. ასევე, ბრალდების მხარის თქმით, პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა ეფუძნება იმ გარემოებებს, რომ პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი ყველა მტკიცებულება ცნობილია დასაშვებად და შესაბამისად, შემცირებულია ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე გავლენის მოხდენის და მტკიცებულებების განადგურების რისკები.
საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა დასაშვებ მტკიცებულებად არ ცნო, თუმცა მისი ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ შეცვალა და საქმეში ეს მტკიცებულება კანონიერად აღიარა.
„ბრალდებულების მიმართ გამოყენებულმა პატიმრობამ გამოიღო პრევენციული შედეგი, რამაც გამოიწვია მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და ბრალდებულებსა და მოწმეებს შორის არაკანონიერი გარიგებების განხორციელების საფრთხეების შემცირება. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მთავარმა პროკურატურამ მიიღო ამ ეტაპისთვის ერთადერთი სამართლებრივად მიზანშეწონილი გადაწყვეტილება“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.