მთავრობამ ზოოპარკიდან დაკარგული ვეფხვის და აფთრის ძებნაში მონადირეები ჩართო
ხელისუფლებამ თბილისის ზოოპარკიდან დაკარგული ერთი ვეფხვის და ერთი აფთრის სამძებრო სამუშაოებში სამონადირეო კლუბის წევრები ჩართო.
თეთრი ვეფხვის ლიკვიდაცია პოლიციამ მას შემდეგ განახორციელა, რაც ის 17 ივნისს თბილისის ცენტრში მამაკაცს დაესხა თავს და მისი სოცოცხლე იმსხვერპლა.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭომ განაცხადა, რომ 112–მა გასული ღამიდან მოყოლებული 47 შეტყობინება მიიღო სხვადასხვა ადგილებში ცხოველთა დაფიქსირების შესახებ.
ამ შეტყობინებებზე რეაგირება განხორციელდა, თუმცა ყველა მათგანი ცრუ აღმოჩნდა, განაცხადა კრიზისების მართვის საბჭომ.
ერთ–ერთი ასეთი შემთხვევის დროს, შსს–ს პრესსპიკერის თანახმად, როდესაც პოლიცია ფალიაშვილის ქუჩაზე მივიდა 112–ში შესული შეტყობინების გადასამოწმებლად, მათ ნახეს, რომ ეს ბავშვების ხუმრობა იყო. მათ ვეფხვის ბღავილი ჩაიწერეს და ამ ხმას ფანჯრიდან დინამიკების მეშვეობით ქუჩაში გადასცემდნენ.
„ზოოპარკიდან დაკარგული მტაცებელი ცხოველების სამძებრო სამუშაოებში წუხელვე ჩაერთო პროფესიონალი მონადირეებისაგან შექმნილი ჯგუფი. მათ მერიის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ღამის განმავლობაში, შეამოწმეს კუს ტბის, ეთნოგრაფიული მუზეუმის და სვანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, სადაც რამოდენიმე მოქალაქის განცხადებით, იმყოფებოდა დაკარგული ვეფხვი“, – განაცხადა კრიზისების მართვის საბჭომ 19 ივნისს.
„ჯერჯერობით მტაცებელი ცხოველის კვალი აღმოჩენილი არ არის. საძიებო სამუშაოები ამ მიზნით გრძელდება“, – განაცხადა საბჭომ.
თუმცა, კრიზისების მართვის საბჭომ მოუწოდა მოსახლეობას, რომ მოერიდონ კუს ტბის და ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე გადაადგილებას.
იმავდროულად, უკვე მეექვსე დღეა გრძელდება დატბორილი მზიურის და ზოოპარკის ტერიტორიების გაწმენდითი სამუშაოები.
13–14 ივნისს მომხდარ წყალდიდობას 19 ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი კვლავ დაკარგულად ითვლება.
კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, მთლიანობაში 106 ოჯახის სახლები განადგურდა ან დაზიანდა წყალდიდობის შედეგად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)