სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა
გაფლანგვის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილი თანამშრომელი დეპუტატების თავდებობით სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს წინასწარი პატიმრობიდან, რომელშიც ისინი თითქმის 8 თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 19 ივნისის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, ვინაიდან წინა დღეს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ბრალდებულთა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა, თუმცა საბოლოოდ, სასამართლომ მათი ამ შუამდგომლობის ნაცვლად, დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა და ყოველგვარი გირაოს გარეშე თავდებით გამოუშვა დაკავებულები.
იმ დეპუტატებს შორის, რომლებიც თავდებში ჩაუდგნენ ბრალდებულებს, იყო ხუთი პარლამენტარი ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატებიდან“: ზურაბ აბაშიძე, ნინო გოგუაძე, ვიქტორ დოლიძე, ირაკლი ჩიქოვანი და შალვა შავგულიძე.
თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ერთი ყოფილი და მაშინ ოთხი მოქმედი თანამშრომელი 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს და 4.1 მლნ ლარის ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში დასდეს ბრალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ 2013 წელს გამოცხადებულ საიდუმლო ტენდერთან დაკავშირებით.
ამ საქმემ მმართველ კოალიცია ქართულ ოცნებაში განხეთქილება გამოიწვია, რადგან ირაკლი ალასანია მოხსნეს თავდაცვის მინისტრობიდან და მთავრობაში მისმა ორმა მოკავშირე მინისტრმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა, რასაც ასევე მოყვა „თავისუფალი დემოკრატების“ მმართველი კოალიციიდან გამოყოფა. ირაკლი ალასანია, რომელიც თავდაცვის მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ კვლავ აირჩიეს უკვე ოპოზიციური „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარედ, მისი ყოფილი თანამშრომლების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეს „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებს. ალასანიას თქმით, ხუთი ადამიანი, რომლებსაც წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა 28 ივლისს ეწურებოდათ და საპატიმროები ამ ვადის ამოწურვამდე 39 დღით ადრე დატოვეს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პირადი „ტყვეები“ იყვნენ.
მათი გათავისუფლება წინასასამართლო მოსმენების ეტაპზე მოხდა; განაჩენი ბრალდებულთა მიმართ მხოლოდ მას შემდეგ დადგება, რაც სასამართლო არსებითად განიხილავს მათ საქმეს, რომლის ნაწილსაც გრიფი საიდუმლო ადევს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)