ბერუჩაშვილი არგენტინას, ურუგვაის და ჩილეს ეწვევა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა სამხრეთ ამერიკის სამ ქვეყანაში ტურნე, რომელიც 22 ივნისიდან 26 ივნისამდე გასტანს, არგენტინაში ვიზიტით დაიწყო.
ვიზიტი, რომლის ფარგლებში ბერუჩაშვილი ასევე ეწვევა ურუგვაის და ჩილეს, მიზნად ისახავს საქართველოს შესახებ „ცნობადობის ამაღლებას“ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან პოლიტიკური, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ხელს მოაწერს ორმხრივ შეთანხმებებს სამ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ.
ჩილესა და ურუგვაისგან განსხვავებით საქართველოს უკვე აქვს ცალმხრივი უვიზო მიმოსვლა არგენტინის მოქალაქეებისთვის; არგენტინა იმ 104 ქვეყანას და ტერიტორიას შორისაა, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში ერთი წლით ვიზების გარეშე დარჩენა შეუძლიათ.
ბუენოს–აირესში ბერუჩაშვილი თავის არგენტინელ კოლეგას ჰექტორ ტიმერმანს და ვიცე–პრეზიდენტ ამადო ბუდუს შეხვდება.
24 ივნისს ის ურუგვაიში გაემგზავრება, სადაც ვიცე–პრეზიდენტ რაულ სენდიკთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ნინ ნოვოასთან გამართავს მოლაპარაკებებს.
ბოლოს მინისტრი ბერუჩაშვილი ჩილეს ეწვევა, სადაც ის თავის ჩილელ კოლეგას, ერალდო მუნიოსს შეხვდება.
„როგორც ცნობილია ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის აუზის რეგიონი საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ 22 ივნისს.