თბილისში ეუფას სუპერთასზე ბილეთების გაყიდვა ვებგვერდზე შექმნილმა პრობლემებმა შეაფერხა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ ის შესაძლო „ალტერნატიულ“ გზებს მოძებნის თბილისში უეფას სუპერთასზე ბილეთების გასაყიდად იმ შემთხვევაში, თუ ბილეთების ონლაინ გაყიდვის ვებგვერდი, რომელმაც ვერ გაუძლო მოზღვავებულ მომხმარებელს და პრობლემები შეექმნა, 48 საათში არ აღდგება.
უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ 11 აგვისტოს დინამო არენაზე დაგეგმილ სუპერთასზე უეფას ევროპის ლიგის გამარჯვებულ „სევილიას“ დაუპირისპირდება.
უეფას სუპერთასისთვის ბორის პაიჭაძის სახელობის 54 000 ადგილიან დინამო არენაზე დაახლოებით 30 000 ბილეთის ექსკლუზიური გაყიდვის უფლება ვებგვერდ Biletebi.ge–ს მიენიჭა. ეს ყველაზე მაღალი რანგის საფეხბურთო მატჩი იქნება, რომლისთვისაც საქართველოს ოდესმე უმასპინძლია.
ვებგვერდზე ბილეთები 22 ივნისს დილის 9 საათიდან უნდა გაყიდულიყო, თუმცა პროცესი ჩაიშალა.
თავდაპირველად Biletebi.ge–ს ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ვებგვერდზე შეტევა განხორციელდა, თუმცა მოგვიანებით აღიარა, რომ სერვერმა ვერ გაუძლო მოზღვავებულ მომხმარებელს როგორც საქართველოდან, ისე მის ფარგლებს გარედან.
იმ ფაქტმა, რომ კომპანიამ ვერ დაიწყო ბილეთების გაყიდვა და ამის ასახსნელად ურთიერთსაპირისპირო განცხადებები და განმარტებები გააკეთა, უეფას სუპერთასზე დასწრების მსურველი გულშემატკივრების გულისწყრომა გამოიწვია. კომპანიას უკვე მეორე დღეა თავის Facebook–ის გვერდზე უამრავი შეურაცხმყოფელი კომენტარით ამკობენ გაბრაზებული გულშემატკივრები.
23 ივნისს უეფას წარმომადგენლებთან ონლაინ კონსულტაციების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ Biletebi.ge-ს 48 საათი მიეცა სერვისის აღსადგენად; წინააღმდეგ შემთხვევაში, ფედერაცია გეგმა „ბ“–ს გამოიყენებს, რომელიც მან არ დააკონკრეტა.
ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ფედერაციას არაფერი აქვს საერთო Biletebi.ge–ს როგორც ბილეთების ექსკლუზიურ გამყიდველად შერჩევასთან; მათი თქმით, კომპანია უეფამ შეარჩია.
უეფას ვებგვერდზე, სადაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია სუპერთასის ბილეთებისა და გაყიდვების დეტალების შესახებ, ნათქვამია, რომ Biletebi.ge „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით მუშაობს“.
თავის Facebook-ის გვერდზე 23 ივნისს გავრცელებულ მოკლე განცხადებაში Biletebi.ge–ს ადმინისტრაციამ ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ფეხბურთის ფედერაციასთან ბილეთების გაყიდვის „ალტერნატიულ“ გზებზე იმსჯელეს. მან ასევე განაცხადა, რომ ეუფას „გადაწყვეტილებას და მითითებებს“ ელოდებოდა.
კომპანიამ განაცხადა, რომ „მომხმარებლების უპრეცედენტოდ დიდი ნაკადი დაფიქსირდა ჩვენს სერვერულ მოწყობილობებზე, რისი განახლების შემდეგაც ვერ მოხერხდა მომსახურების გაწევა“.
უეფამ თბილისს 2015 წელს ევროპის სუპერ თასის მასპინძლობის უფლება 2012 წლის ივნისში მიანიჭა.
წლის დასაწყისში უეფამ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველო 2017 წელს 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.