2015 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები
2015 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც მთავრობამ უკვე განიხილა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 5%-დან 2%-მდე დაწევასთან ერთად ასევე ითვალისწინებს საგადასახადო შემოსავლების 200 მლნ ლარით შემცირებას, ფინანსთა სამინისტროს თანახმად.
თუმცა სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის დონორებისგან მოსალოდნელი სახსრების ხარჯზე, შემოსავლები საერთო ჯამში 27 მლნ ლარით გაიზრდება; ბიუჯეტის ხარჯები კი ჯამში უცვლელი დარჩება იმ პირობებში, როცა ხარჯების ნაწილის მიზნობრიობა შეიცვლება.
მშპ-ს ზრდის პროგნოზის შემცირება, რაც ასევე წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციას და ასევე 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაცია ის ორი ძირითადი საკითხია, რასაც ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების მთავარ მიზეზებად ასახელებს.
მიუხედევად იმისა, რომ საგადასახადო შემოსავლების გეგმა 200 მლნ ლარით მცირდება არსებული 7.6 მლრდ ლარიდან, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მის მიერ შემოთავაზებული ცვლილებებით, იზრდება სხვა წყაროებიდან მისაღები თანხები, რაც შემოსავლების მთლიან მოცულობას 27 მლნ ლარით გაზრდის.
კერძოდ, ფინანასთა სამინისტრო „დონორებთან გაწეული მოლაპარაკებების“ საფუძველზე აცხადებს, რომ ქვეყანა დამატებით 224 მლნ ლარს მიიღებს, საიდანაც საბიუჯეტო დახმარების სახით მისაღები გრანტების ოდენობა 40 მლნ ლარი იქნება, ხოლო კრედიტები 184 მლნ ლარით გაიზრდება.
ასევე 150 მლნ ლარის ოდენობით დამატებითი შემოსავლის მიღებაა მოსალოდნელი მობილური ოპერატორების მიერ მეოთხე თაობის ლიცენზიის შეძენისათვის გადახდილი სახსრების სახით; „სხვა შემოსავლები“ გაიზრდება 20 მლნ ლარით; შიდა ვალის დაგეგმილი აღება შემცირდება 100 მლნ ლარით; და „საბიუჯეტო დეფიციტის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნების მიზნით, კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი რესურსი“ შემცირდება 67 მლნ ლარით, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს პრესრელიზში.
რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, დაგეგმილი საბიუჯეტო ცვლილებები ითვალისწინებს მხარჯავი დაწესებულებების დაფინანსების 140 მლნ ლარამდე შემცირებას, საიდანაც სამინისტროებს საბიუჯეტო სახსრების ნაწილში 70 მლნ ლარი ჩამოეჭრებათ, ხოლო დონორების დაფინანსებული პროექტების ნაწილში ასევე 70 მლნ ლარამდე შეუმცირდებათ დაფინანსება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სამინისტროებს.
„სოციალურ ხარჯებს კორექტირება არ ეხება“, – აცხადებს ფინანსთა სამინისტრო თავის პრესრელიზში.
საბიუჯეტო სახსრების ნაწილში თანხობრივად ყველაზე მეტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დააკლდება 12 მლნ ლარის ოდენობით. ამჟამად ამ სამინისტროს დაფინანსება 853.9 მლნ ლარს შეადგენს.
შემდეგ მოდის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც 638.7 მლნ ლარის დაფინანსებიდან 10 მლნ ლარი ჩამოეჭრება; სოფლის მეურნეობის სამინისტროს 8 მლნ ლარი დააკლდება არსებული 292.9 მლნ ლარიდან; ფინანსთა სამინისტროს 7 მლნ ლარი არსებული 100 მლნ ლარიდან; პარლამენტს 6 მლნ ლარი არსებული 52 მლნ ლარიდან; თავდაცვის სამინისტროს 5 მლნ ლარი არსებული 640 მლნ ლარიდან; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 3.5 მლნ ლარი 155 მლნ ლარიდან; გარემოს დაცვის სამინისტროს 2 მლნ ლარი 39 მლნ ლარიდან. სხვა დანარჩენ მხარჯავ დაწესებულებებს კი ჯამში დაახლოებით 17 მლნ ლარი დააკლდებათ.
ამ გამოთავისუფლებული რესურსიდან 85 მლნ ლარის მიმართვას მთავრობა საბიუჯეტო ფონდებში გეგმავს, რათა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას და „სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების“ დაფინანსებას მოახმაროს.
საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის კი ფინანსთა სამინისტრო დამატებით 53 მლნ ლარის გამოყოფას გეგმავს.
დაგეგმილი ცვლილებები, რაც წელს ბიუჯეტის პირველი კორექტირება იქნება, პარლამენტმა უნდა განიხილოს და დაამტკიცოს.