თავდაცვის მინისტრი ნატოს შტაბბინას სტუმრობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც 25 ივნისს ნატოს შტაბბინას ეწვევა და ალიანსის წევრი და ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველო, დაახლოებით, 885 სამხედრო მოსამსახურით მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორია ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში.

ოთხშაბათს დილით გამგზავრებამდე ხიდაშელმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ მას თხუთმეტამდე შეხვედრა აქვს დაგეგმილი თავის კოლეგებთან ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან.

22 ივნისს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბრისას ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველო მტკიცედ მოითხოვს ნატოსგან, რომ ქვეყანას წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) მიენიჭოს ალიანსის ვარშავის სამიტზე 2016 წელს.

„ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ ზუსტად იცოდეს, ბოლომდე იყოს დარწმუნებული, რომ მისი ხელისუფლება იბრძვის მაქსიმალური შედეგისთვის“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 22 ივნისს.

„მე არ ვაპირებ დავუწიო ტონს მოთხოვნის ნაწილში“, – განაცხადა მან, „საქართველო იბრძვის და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ გადავიდეთ თვისობრივად სხვა ეტაპზე ნატოსთან ურთიერთობაში ვარშავის სამიტზე. ამ საკითხზე ჩვენ ვიქნებით მუდმივ კომუნიკაციაში მოსახლეობასთან, არა მარტო განცხადების დონეზე, რომ ჩვენ MAP–ს ვითხოვთ, არამედ ყველა იმ კონკრეტული ამბის მოყოლით, რასაც ვახორციელებთ ამ გზაზე“.

ეს ხიდაშელის მეორე ვიზიტია ნატოს შტაბბინაში მას შემდეგ, რაც მან მაისის დასაწყისში თავდაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა.