სენატმა საქართველოში აშშ–ის ახალი ელჩი დაამტკიცა



იან კელი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 20 მაისს მის დამტკიცებასთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე.

აშშ–ის სენატმა 24 ივნისს კარიერული დიპლომატი იან კელი საქართველოში აშშ-ის მომდევნო ელჩად დაამტკიცა, რომელიც ამ პოსტზე რიჩარდ ნორლანდს შეცვლის; ელჩი ნორლანდი თბილისში 2012 წლის სექტემბრიდან მსახურობს.

იან კელი, რომელიც საგარეო სამსახურში დაახლოებით 30 წელი მუშაობდა, 2009-2010 წლებში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ხოლო 2010-2013 წლებში აშშ -ის ელჩი იყო ეუთოში. 2012 წლის დეკემბრიდან 2013 წლის სექტემბრამდე იგი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე მინსკის ჯგუფს თანათავმჯდომარეობდა.

მაისის ბოლოს მის დამტკიცებასთან დაკავშირებით სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე გამოსვლისას, იან კელიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ–ის მხარდაჭერა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ საქართველოს სწრაფვის მიმართ და განაცხადა, რომ „არც ერთ მესამე მხარეს“ არ აქვს უფლება, რომ საქართველოს მისწრაფებებს ვეტო დაადოს.

„დამტკიცების შემთხვევაში, მზად ვარ ვიმუშაო საქართველოს მთავრობასთან და ჩემს კოლეგებთან საელჩოდან ამ მისწრაფებების განხორციელების კუთხით. ასევე მოვუწოდებ ყველა ქართველს, ვისაც საკუთარი ქვეყნის ევრო–ატლანტიკური მიზნების სჯერა, რომ გაერთიანდნენ მათი მხარდაჭერის და ქვეყნის წინ წაწევის მიზნით“, – განუცხადა მან სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს 20 მაისს.

მოსმენის დროს დემოკრატმა სენატორმა კრის მერფიმ ჰკითხა კელის იმის თაობაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი საქართველო ნატოს წევრი გახდეს იმ პირობებში, როცა მისი ტერიტორიები რუსეთის ოკუპაციის ქვეშ რჩება და როგორ წარმოუდგენია მას ისეთი სცენარი, რომ ნატოს წევრობა საქართველოს იმ პირობით მიენიჭოს, რომ ეს არ გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„თქვენ ძალიან რთულ საკითხს შეეხეთ, რაც ეხება იმ ფაქტს, რომ რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული“, – უპასუხა კელიმ, „ვფიქრობ, რომ მთლიანობაში ფოკუსირებული უნდა დავრჩეთ მიზანზე, რომელიც გულისხმობს საქართველოს მხარდაჭერას, რომ ის უფრო თავსებადი გახდეს ნატოსთან, რომ თავდაცვითი ინსტიტუტების რეფორმა განახორციელოს და ჩვენ ამისთვის უამრავი პროგრამა გვაქვს; ჩვენ ასევე ძალიან მტკიცენი უნდა ვიყოთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%–ის უკანონო ოკუპაციის მიუღებლობის საქმეში“.

თუმცა სენატორმა მერფიმ კითხვა გაუმეორა და უთხრა დიპლომატს: „თუ არ გვექნა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს მიეცეს [ნატო-ში გაწევრიანების] საშუალება იმ პირობებშიც კი, როცა მისი ტერიტორიები ოკუპირებულია, განა ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთს რეალურად ვეტოს უფლება გააჩნია?“

„არა მგონია, რომ რუსეთს ან სხვა რომელიმე ქვეყანას აქვს ვეტოს უფლება ქვეყნის სურვილზე, რომ გაწევრიანდეს ნატოში“, – უპასუხა დიპლომატმა, „რა თქმა უნდა, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ოკუპაცია ძალიან რთული საკითხია, მაგრამ ეს ყოვლისმომცველი პრინციპი, რომ ყველა ქვეყანას უნდა შეეძლოს თავად აირჩიოს ალიანსები არის ის, რაც ნამდვილად უნდა იქნას დაცული და … აშშ ყველაფერს აკეთებს, რითიც შეუძლია დაეხმაროს საქართველოს საკუთარი მისწრაფებების რეალიზებაში“, – განაცხადა კელიმ.

მოგვიანებით მოსმენის დროს, როდესაც დისკუსიები რუსეთის პროპაგანდას შეეხო, ელჩმა კელიმ საქართველოში ევროინტეგრაციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის მაღალი დონის შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ამ კონტექსტში მან განაცხადა, რომ  რუსეთი პროპაგანდის კუთხით ბოლო დროს გააქტიურდა საქართველოში, მათ შორის რუსული მედიის და ასევე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით.

„ჩვენ არ გვსურს ვიხილოთ რომ [ნატოში ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის] დონე დაეცეს და ის გზავნილებიც შეგვაშფოთებდა, რომლებიც ჩვენს ღირებულებებს ეწინააღმდეგება და რომლებსაც რუსულ მედიაში ვხედავთ. ჩვენ უნდა ვუზრუნველვყოთ, რომ ქართველებმა დააფასონ, რომ ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ“, – განაცხადა კელიმ, რომელმაც რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს საზოგადოებაში იმ მხარდაჭერის წარმოჩენა, რომელსაც აშშ უწევს საქართველოს.

რაც შეეხება დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს, კელიმ განაცხადა მოსმენაზე, რომ საქართველომ „მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სრულად დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების“ გზაზე, მაგრამ „მეტი სამუშაო უნდა შესრულდეს, რათა საქართველომ მიაღწიოს მიზანს, რომელიც ბოლომდე პოლიტიკური პლურალიზმისთვის საჭირო გარემოს შექმნას ითვალისწინებს“.

„ჩვენ საქართველოში ყველა მხარესთან ვიმუშავებთ, რათა დავეხმაროთ იმის უზრუნველყოფაში, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები [2016 წელს] საქართველოს ისტორიაში ყველაზე თავისუფალი და ყველაზე სამართლიანი იყოს“, – განაცხადა კელიმ.

„ამერიკის შეერთებული შტატები პარტნიორია ამ ძალისხმევაში თავისი აქტიური მხარდაჭერის პროგრამით, რათა საქართველოს დაეხმაროს ანგარიშვალდებული მთავრობის გაძლიერებაში და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციაში“, – დასძინა მან.

როდესაც დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა მას კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული „წუხილების“ და „კითხვების“, კერძოდ კი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დაკავების საქმეების შესახებ ჰკითხა,  კელიმ უპასუხა: „საქართველოსთან მიმართებაში ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია, რომ დავეხმაროთ მას ევრო–ატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანების კუთხით მისი მისწრაფებების მიღწევაში და რა თქმა უნდა, არ გვინდა, რომ ეს სვლა ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციისკენ რამემ შეაფერხოს“.

„ჩვენი ორმხრივი კონტაქტების დროს – მე ვიცი, რომ ელჩ ნორლანდს ბევრი კარგი კონსულტაცია ჰქონდა საქართველოს მთავრობასთან – ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმის მნიშვნელობას, რომ ნებისმიერი სახის სასამართლო ბერკეტების რაიმე ფორმით პოლიტიკური გამოყენების აღქმაც კი არ უნდა არსებობდეს“, – განაცხადა მან.

„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან მყარი თანამშრომლობა გვაქვს საქართველოსთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ სასამართლო პროცესი ყველა საქმესთან დაკავშირებით გამჭირვალე იყოს და ვფიქრობ, საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაში“, – დასძინა კელიმ.

რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხებს, კელიმ განაცხადა, რომ დასავლეთთან ინტეგრაციის მიმართ საქართველოს მისწრაფების წარმატებისთვის „მნიშვნელოვანია, რომ მან გააუმჯობესოს კლიმატი ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის“ და დასძინა, რომ ეს ის სფეროა, სადაც მთავრობამაც და ოპოზიციამაც უნდა შეძლოს გაერთიანება და თანამშრომლობა.

„ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს, როგორც რეგიონალური ბიზნესის, ვაჭრობისა და ლოჯისტიკური ცენტრის მზარდ როლს და მის წვლილს აღმოსავლეთ–დასავლეთის სავაჭრო მარშრუტების აღდგენაში ახალი აბრეშუმის გზის გასწვრივ, რომელიც ევროპულ და აზიურ ბაზრებს აკავშირებს“, – განაცხადა მან და ხაზი გაუსვა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით წარმოქმნილი „უზარმაზარი შესაძლებლობის“ გამოყენების მნიშვნელობას.

ელჩი კელი 2007-2009 წლებში  სახელმწიფო დეპარტამენტის რუსეთის საქმეთა ოფისს ხელმძღვანელობდა; იგი ასევე იყო სახელმწიფო საქმეთა მრჩეველი აშშ-ის ნატოს მისიაში და იტალიასა და თურქეთში აშშ-ს საელჩოების პრეს-ატაშე.
 
1994-1996 წლებში სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა დემოკრატიული ინიციატივების დირექტორის პოსტზე ის ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დემოკრატიულ პროგრამებში მონაწილე 12-მდე ფედერალური უწყების საქმიანობათა კოორდინაციას ახორციელებდა.

აშშ–ის საელჩომ განაცხადა 25 ივნისს, რომ ელჩი კელი თბილისში ჩამოსვლას სექტემბერში გეგმავს.

„ელჩმა ნორლანდმა იან კელის მიულოცა და ამ ზაფხულს საქართველოდან გასამგზავრებლად მზადება დაიწყო“, – განაცხადა საელჩომ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)