ეკონომიკის სამინისტროს შენობა 9.45 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა

თბილისის ცენტრში მდებარე შენობა, სადაც ეკონომიკის სამინისტრო იყო განთავსებული, ელექტრონულ აუქციოზე 9.45 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

ჭანტურიას ქუჩა N12-ში მდებარე შენობა აუქციონზე ერთი თვის წინ გაიტანეს და მისი საწყისი ფასი 6 მილიონი აშშ დოლარი იყო.

მყიდველის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მაშინვე არ გახდა ხელმისაწვდომი. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ეკატერინე სისაურმა განაცხადა პარასკევს, რომ მყიდველი არის პიროვნება, რომელიც ერთ–ერთ „საინვესტიციო ჯგუფს“ წარმოადგენს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ჩინურ "ჰუალინგ ჯგუფთან" არის დაკავშირებული.

მთავრობის მიერ დადგენილი პირობების თანახმად, მყიდველი ვალდებულია 2018 წლის ბოლომდე არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო მოაწყოს და ექსპლუატაციაში გაუშვას.

ეკონომიკის სამინისტრო ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე შენობაში წლის ბოლომდე დარჩება.

ეკონომიკის სამინისტროს შენობის გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ პირველად თებერვალში გააჟღერა. მთავრობამ განაცხადა მაშინ, რომ ლარის გაუფასურების ფონზე ის სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის გააქტიურებას გეგმავდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)