ფეხბურთის ფედერაციის თქმით, ‘ხარვეზები გამოსწორებულია’, სუპერთასზე ბილეთები საქართველოში 30 ივნისიდან გაიყიდება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ Biletebi.ge-მ მოაგვარა ყველა პრობლემა და საქართველოში უეფას სუპერთასის მატჩზე ბილეთების ონლაინ გაყიდვა 30 ივნისს დაიწყება.
ფეხბურთის ფედერაციამ ასევე განაცხადა, რომ Biletebi.ge დარჩენილი ბილეთების საერთაშორისო გაყიდვებს უცხოელი გულშემატკივრებისთვის 1 ივლისს ცენტრალური ევროპის დროით დილის 9 საათიდან დაიწყებს.
ეს პროცესი დაახლოებით ერთი კვირით გადაიდო მას შემდეგ, რაც უეფას სუპერთასისთვის ბორის პაიჭაძის სახელობის 54 000 ადგილიან დინამო არენაზე დაახლოებით 30 000 ბილეთის ექსკლუზიური გაყიდვის უფლების მქონე ვებგვერდმა, Biletebi.ge-მ ვერ გაუძლო მოზღვავებულ მომხმარებელს და პრობლემები შეექმნა.
უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ 11 აგვისტოს დინამო არენაზე დაგეგმილ სუპერთასზე უეფას ევროპის ლიგის გამარჯვებულ „სევილიას“ დაუპირისპირდება.
„Biletebi.ge–მ ყველაფერი გამოასწორა და იმედია, რომ ეგეთი ხარვეზები არ იქნება“, – განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ორშაბათს.
„ჩვენი მოთხოვნა, 24 000 ბილეთი, რომელიც უნდა გაიყიდოს საქართველოს გულშემატკივრებზე, დააკმაყოფილეს. ხვალ, 30 რიცხვში, თბილისის დროით 9 საათზე Biletebi.ge დაიწყებს გაყიდვას 24 000 ბილეთის“, – დასძინა მან.
უეფამ თბილისს 2015 წელს ევროპის სუპერ თასის მასპინძლობის უფლება 2012 წლის ივნისში მიანიჭა.
წლის დასაწყისში უეფამ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველო 2017 წელს 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)