ფინანსთა მინისტრის მოადგილე საბერძნეთის კრიზისის საქართველოზე გავლენის შესახებ საუბრობს
საბერძნეთის ვალთან დაკავშირებული კრიზისი უკვე ახდენს გარკვეულ ზეგავლენას საქართველოზე, კერძოდ კი ფულადი გზავნილების თვალსაზრისით, თუმცა საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ 1 ივლისს.
საბერძნეთი საქართველოში ფულადი გზავნილების მეორე უმსხვილესი წყაროა.
„რაც შეეხება საბერძნეთის გავლენას, რა თქმა უნდა, ეს გადმორიცხვებზე იმოქმედებს, თუმცა გადმორიცხვები ისედაც მნიშვნელოვნად არის შემცირებული არა მარტო საბერძნეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. ამიტომ, ეს დიდ გავლენას ვეღარ იქონიებს საქართველოს ეკონომიკაზე“, – განაცხადა მან.
ფინანსური დახმარების პირობების შესახებ რეფერენდუმის წინ, საბერძნეთმა კაპიტალის ბაზარზე კონტროლი დააწესა, რაც ასევე მოიცავს ფულადი გადარიცხვების აკრძალვას, მათ შორის საბერძნეთის ფარგლებს გარეთ.
2015 წლის პირველ ხუთ თვეში ფულადი გზავნილები საქართველოში 23.2%–ით შემცირდა და 438.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 570.6 მილიონი აშშ დოლარი იყო.
ფულადი გზავნილები საბერძნეთიდან 2015 წლის იანვარ–მაისში 18.1%–ით შემცირდა და 68.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; გასული წლის პირველ ხუთ თვეში ეს მაჩვენებელი 84.2 მილიონი აშშ დოლარი იყო.
რუსეთიდან, რომელიც ფულადი გზავნილების უმსხვილესი წყაროა საქართველოსთვის, გადმორიცხვებმა 162.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა 2015 წლის იანვარ-მაისში, რაც 42.4%–იანი კლებაა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
2014 წელს საქართველოში უცხოეთიდან გადმორიცხული თანხა 2.45%–ით შემცირდა წინა წელთან შედარებით და 1.44 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მშპ–ს დაახლოებით 8.7%–ს შეადგენს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა ოთხშაბათს, რომ საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები 1–3 ივლისს უფასოდ შეძლებენ სხვადასხვა საკონსულო მომსახურების მიღებას საქართველოს დიპლომატიური მისიისგან საბერძნეთში.