წლიურმა ინფლაციამ ივნისში 4.5% შეადგინა
წყარო: საქსტატი
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2015 წლის ივნისში ინფლაციის დონემ საქართველოში 4.5% შეადგინა მას შემდეგ, რაც მაისში 3.5%–იანი ინფლაცია დაფიქსირდა.
წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონე ივნისში 0.02% იყო.
წლიური ინფლაცია ივნისში ძირითადად განაპირობა ფასების ზრდამ ალკოჰოლურ სასმელებსა და სიგარეტზე (11.4% წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით); ავეჯის, საოჯახო ნივთების, სახლის მოვლის ჯგუფზე (8.2%); ჯანდაცვაზე (7.4%) და საკვებზე (5.7%).
ფასები ხილზე, ზეთზე და ბოსტნეულზე 35%–ით, 9.8%–ით და 5.4%–ით გაიზარდა, შესაბამისად.
ფასები 15.9%–ით გაიზარდა ასევე ივნისში სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე; ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე – 5.3%–ით და საავადმყოფოების მომსახურებაზე – 3.7%–ით.
ივნისში ფასები შემცირდა ტრანსპორტის ჯგუფზე 0.6%–ით წინა წლის ანალოგიოურ პერიოდთან შედარებით.
1 ივლისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 5.5%–მდე გაზარდა და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ წლის ბოლოსთვის საპროცენტო განაკვეთი 6.5%–მდე გაიზარდოს. ბანკმა ამის მოტივად ინფლაციის მოლოდინების ზრდა დაასახელა.
This post is also available in: English (ინგლისური)