შსს: 2015 წლის პირველ ნახევარში 2.3 მლნ ვიზიტორი სტუმრობდა საქართველოს



ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს ვიზიტების ზრდის დინამიკას 2006–2014 წლებში და ყოველწლიურ პროცენტულ ცვლილებებს. ეს მაჩვენებლები წარმოადგენს შემოსვლების მთლიან რაოდენობას, ვიზიტების მიზნის მიხედვის მათი დაყოფის გარეშე. წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

2015 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობამ 2 332 303-ს მიაღწია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.46%-იანი ზრდაა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებში საზღვრის კვეთის შესახებ.

2.3 მილიონი ვიზიტორიდან 2015 წლის პირველ ნახევარში 853 605 „ტურისტი“ იყო, რაც 2014 წლის პირველ ნახევართან შედარებით 1.9%-იანი კლებაა, შსს–ს მონაცემების თანახმად.

„ტურისტებად“ ის ვიზიტორები არიან კვალიფიცირებულები, რომლებიც საქართველოში შემოდიან და ქვეყანაში 24 საათის განმავლობაში ჩერდებიან.

ტურისტების რაოდენობამ ივნისში 197 537–ს მიაღწია, რაც 3.4%–იანი ზრდაა გასული წლის ივნისთან შედარებით.

ყველაზე მეტი სტუმარი საქართველოს 2015 წლის იანვარ–ივნისში მეზობელი სახელმწიფოებიდან ეწვია. ამ სიას კვლავაც თურქეთის მოქალაქეები ლიდერობენ 605 153 შემოსვლით საქართველოში, რაც 8.1%-იანი კლებაა წინა წელთან შედარებით; შემდეგ მოდიან აზერბაიჯანის მოქალაქეები – 580 878 შემოსვლით (8.5%–იანი ზრდა წინა წელთან შედარებით); სომხეთის მოქალაქეები 543 810 შემოსვლით (11.7%–იანი ზრდა); რუსეთის მოქალაქეები – 342 416 (14.7%–იანი ზრდა); უკრაინის მოქალაქეები  – 55 271 (10.5%–იანი კლება).

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების საქართველოში სტუმრობა 6.1%-ით გაიზარდა 2015 წლის პირველ ნახევარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 95 741-ს მიაღწია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)