საბანკო ზედამხედველობაზე სადავო კანონპროექტის განხილვა გადაიდო

საქართველოს პარლამენტი ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფის თაობაზე კანონპროექტზე მუშაობის დასრულებას მანამ არ აპირებს, სანამ არ იქნება „ყველა საკითხი გარკვეული და პრინციპულ თემაზე ურთიერთგაგება მიღწეული“ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობასთან საქართველოში, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

ის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იყო იმ ერთობლივი წერილის ადრესატი, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა, აზიის განვითარების ბანკმა და მსოფლიო ბანკმა გაუგზავნეს და საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნული ბანკისთვის დატოვებისკენ მოუწოდეს, თუმცა მათ ასევე აღნიშნეს, რომ თუ ხელისუფლებას „გადაწყვეტილი აქვს“, რომ ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნულ ბანკს მაინც ჩამოაშოროს, ასეთ შემთხვევაში წერილში გამოთქმული მათი წუხილების გათვალისწინებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ ყველას გვესმის, რომ საქართველოს სჭირდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების თანადგომა და სწორედ, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარეობს ეს პროცესი“, – განაცხადა უსუფაშვილმა 10 ივლისს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. 

„პროცესი გრძელდება“, – აღნიშნა მან, „შეშფოთების საფუძველი არავის არ აქვს, ჩვენ ყველა კომენტარს, პოზიციას და მოსაზრებას დიდი ყურადღებით ვისმენთ“.  

ქართული ოცნების ორი დეპუტატის თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად ასევე გახდა პრეზიდენტის, ბიზნეს ასოციაციების, ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჯგუფის კრიტიკის სამიზნე,  პარლამენტმა პირველი მოსმენით 27 ივნისს მიიღო. ახლა ეს ინიციატივა მეორე მოსმენის რეჟიმში კომიტეტებში იხილება. 

„მინდა დავამშვიდო ყველა –  ბიზნესწრეები, პოლიტიკური წრეები, საზოგადოება, ეროვნული ბანკის თანამშრომლები, ვინც ამ პროცესს უყურებენ და შესაძლოა ღელავენ, რომ რა ხდება –  არაფერი არ მოხდება ისეთი, რაც დააზიანებს ჩვენ ქვეყანას, საბანკო სისტემას. პირიქით, რაც მოხდება, ის იქნება მიმართული ამ სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებისკენ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მან არ გამორიცხა, რომ მომავალ კვირას შესაძლოა პარლამენტი უკვე მზად იყოს იმისთვის, რომ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით გაიტანოს საკანონმდებლო ცვლილებები განსახილველად, რაც თავდაპირველად მიმდინარე კვირაში იგეგმებოდა.

ინიციატივის თანაავტორმა თამაზ მეჭიაურმა, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეა, ხაზი გაუსვა, რომ საუბარი არ არის პირველი მოსმენით უკვე მიღებული პრინციპული საკითხების „უკან წაღებაზე“ და საქმე ეხება  საფინანსო ზედამხედველობის ახალი სააგენტოს შესაქმნელად საკითხების „დაზუსტებას“.

„პარლამენტმა პირველი მოსმენით რაც მიიღო, თქვენ იმას ვერც უკან წაიღებთ და ვერც წინ. პირველი მოსმენით მიღებულია კანონპროექტი და ხდება მისი დახვეწა მეორე მოსმენის რეჟიმში. რა თქმა უნდა, ეს ასეა“, – უპასუხა უსუფაშვილმა მეჭიაურის რეპლიკას. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)