სოკარი და გალფი კონკურენციის სააგენტოს მიერ დაკისრებულ მრავალმილიონიან ჯარიმებს აპროტესტებენ



საქართველოში მოქმედი ხუთი უმსხვილესი საწვავის რეალიზატორი კომპანია 51.6 მლნ ლარით დაჯარიმდა „შეთანხმებული ფასით“ მოქმედების გამო. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა“ და „სან პეტროლიუმ ჯორჯიამ“, რომლებიც ქვეყანაში მოქმედ კიდევ სამ უმსხვილეს საწვავის რეალიზატორ კომპანიასთან ერთად „შეთანხმებული ფასით“ მოქმედებაში დაადანაშაულეს, 17 ივლისს განაცხადეს, რომ ისინი კონკურენციის სააგენტოს მიერ დაკისრებულ მრავალმილიონიან ჯარიმებს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“, რომელშიც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია „სოკარს“ 51%-იანი წილი აქვს, 14.38 მლნ ლარით დაჯარიმდა.

„სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, რომელიც „გალფის“ სახელწოდებით ოპერირებს ბენზინგასამართი სადგურების ქსელში,  11.26 მლნ ლარის ჯარიმა დაეკისრა.

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ“ ასევე უარყო საწვავის შეთანხმებულ ფასებზე ბრალდებები და 16 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ყველა შესაძლო სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებს დაკისრებული 10.42 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმის წინააღმდეგ.

დანარჩენ ორ მსხვილ კომპანიას „რომპეტროლ ჯორჯიას“ და „ლუკოილ-ჯორჯიას“, რომლებიც, შესაბამისად, 10.84 მლნ ლარით და 4.74 მლნ ლარით დაჯარიმდნენ, ჯერ მოქმედების გეგმა გაუსაჯაროებიათ.

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა“ 17 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ბრალდებები შეთანხმებულ ფასებზე „მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს“.

„არ ვეთანხმებით კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას და საკუთარი ინტერესების დაცვას გავაგრძელებთ ცივილური სამართლებრივი გზით“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება თბილისის საქალაქო სასამართლოში არის შესაძლებელი.

„სან პეტროლიუმ ჯორჯიამ“ ასევე 17 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში „კატეგორიულად მიუღებელი“ უწოდა კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ სასამართლოში მის გასაჩივრებას გეგმავს. 

ეს კომპანია დაკავშირებულია Petrocas Energy Group-თან, სადაც 49%-იანი წილის მფლობელია რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტი“, ხოლო საკონტროლო პაკეტს დავით იაკობაშვილი ფლობს. 

„გალფის  წმინდა მოგებამ 2012-2014 წლებში 6.2 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა კონკურენციის სააგენტოს მიერ დარიცხული ჯარიმა [11.26 მლნ ლარი] თითქმის ორჯერ აღემატება ამ ციფრს, რაც ძალზედ მძიმედ იმოქმედებს მის საქმიანობაზე და განვითარების გეგმებზე“, – აცხადებს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“.

კომპანიისვე თქმით, მან ამავე პერიოდში გადასახადების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 187 მლნ ლარი შეიტანა და ქველმოქმედებას მილიონ ლარზე მეტი მოახმარა.

„სან პეტროლიუმ ჯორჯია“ ასევე აცხადებს, რომ დაახლოებით 30 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს  ინფრასტრუქტურულ პროექტებში, თუმცა კონკურენციის სააგენტოს „ამგვარი ქმედებები მკვეთრად უარყოფითად იმოქმედებს კომპანიის საინვესტიციო გეგმებზე“.

„ყოველივე ეს ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტად გამოცხადებულ პოლიტიკას, რომ გაუმჯობესდეს ქვეყნის ბიზნეს-გარემო, შეიქმნას სამუშაო ადგილები და დამატებითი ინვესტიციები შემოვიდეს საქართველოში“, – ნათქვამია „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ განცხადებაში.

კონკურენციის სააგენტოს მიერ დაკისრებული მრავალმილიონიანი ჯარიმების კომენტირებისას  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 16 ივლისს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ კომპანიებს შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ.

„ეს არის აბსოლუტურად გამჭირვალე პროცესი“, – განაცხადა მან, „მე არ მინდა, რომ კომპანიები დაიძაბონ“
„ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ხელი შეუწყოთ ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას საქართველოში. ეს არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი მომხმარებლები, მათი ინტერესები, რა თქმა უნდა, კომპანიის ინტერესებიც, მაგრამ უნდა წავახალისოთ ჯანსაღი კონკურენცია. ეს, რა თქმა უნდა, იყო და არის ერთ–ერთი ვალდებულება, რომელიც ჩვენ ვიკისრეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებით. ასე რომ მიმაჩნია, რომ ეს არის აბსოლუტურად გამჭირვალე პროცესი. თუ კომპანიებს ექნებათ რაიმე პრეტენზიები და დავა გაგრძელდება სასამართლოში, ამ შემთხვევაში მთავრობა არ ერევა ამ პროცესში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)