საბანკო ზედამხედველობის შესახებ სადავო კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა 16 ივლისს მეორე მოსმენით 79 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიიღო ეროვნული ბანკის შესახებ კანონში სადავო ცვლილებები, რომელიც ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევას ითვალისწინებს.

ამ ფუნქციას ეროვნული ბანკის სისტემაში შემავალი, თუმცა დამოუკიდებელი  საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო განახორციელებს. კერძოდ, ამ სააგენტოს გადაეცემა კომერციული ბანკების და სხვა საფინანსო ორგანიზაციების ლიცენზირების, შემოწმებისა და რეგულირების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესების უფლება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა, აზიის განვითარების ბანკმა და მსოფლიო ბანკმა ერთობლივ წერილში, რომელიც კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების წინ გახდა ხელმისაწვდომი, ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნული ბანკისთვის დატოვებისკენ მოუწოდეს, თუმცა მათ ასევე აღნიშნეს, რომ თუ ხელისუფლებას „გადაწყვეტილი აქვს“, რომ ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნულ ბანკს მაინც ჩამოაშოროს, ასეთ შემთხვევაში წერილში გამოთქმული მათი წუხილების გათვალისწინებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

კანონპროექტის მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვა გასულ კვირას იგეგმებოდა, თუმცა გადაიდო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან დამატებითი კონსულტაციების მოტივით. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 16 ივლისს სხდომაზე განაცხადა, ამგვარი კონსულტაციები შედგა და რიგი შენიშვნები გათვალისწინებული იქნა მეორე მოსმენისთვის.

ამ ცვლილებებს შორისაა სააგენტოს უფლება ჰყავდეს შიდა აუდიტის სამსახური; სააგენტოს უფლებამოსილება, რათა მან დამოუკიდებლად განკარგოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი; ასევე დებულება, რომლის თანახმადაც, ეროვნულ ბანკში საზედამხედველო მიმართულებით ამჟამად დასაქმებული თანამშრომლები შეინარჩუნებენ თავიანთ ადგილებს და სააგენტოს ამოქმედებისთანავე დაინიშნებიან შესაბამის თანამდებობებზე; ასევე სააგენტოს შექმნიდან სულ ცოტა ოთხი თვის განმავლობაში მას მატერიალურ-ტექნიკური კუთხით ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს.

ამასთან, ბოლო ცვლილებების თანახმად, ეროვნულ ბანკს ექნება უფლება სააგენტოს ამა თუ იმ კომერციული ბანკის გადახდისუნარიანობის შეფასება მოთხოვოს, რაც დაეხმარება მას მიიღოს გადაწყვეტილება სესხის გაცემის თაობაზე.

საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს შექმნა 1 აგვისტოდან არის გათვალისწინებული, თუმცა განხილვების დროს რესპუბლიკელმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატ თამაზ მეჭიაურთან ერთად ამ ცვლილებების თანაავტორია, განაცხადა, რომ დიდი ალბათობით ეს ვადა გადაიწევს მესამე მოსმენისთვის.

კანონპროექტის თანახმად, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მმართველი რგოლებია სააგენტოს საბჭო და სააგენტოს უფროსი. 7-წევრიან საბჭოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად ასევე შევა ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთი წევრი და მთავრობის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი, რომელთაც პარლამენტი შვიდი წლის ვადით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით დაამტკიცებს. თუმცა, გამონაკლისის სახით სააგენტოს საბჭოს პირველ შემადგენლობაში პარლამენტი ორ წევრს ხუთი წლის ვადით, ხოლო სამ წევრს შვიდი წლის ვადით აირჩევს, რათა შემდგომში როტაციის პრინციპი იქნას დაცული.

რაც შეეხება სააგენტოს უფროსს, კანონპროექტის თანახმად, მას სააგენტოს საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე 7 წლის ვადით  პარლამენტი დაამტკიცებს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, თუმცა არანაკლებ 50 ხმით. ანალოგიური კვორუმია საჭირო პარლამენტში სააგენტოს უფროსის ვადამდე გათავისუფლებისთვის.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან მეორე მოსმენით განხილვის დროსაც გააკრიტიკეს კანონპროექტი, როგორც ეროვნული ბანკის დაკნინებისკენ და საფინანსო სექტორის სტაბილურობის შერყევისკენ მიმართული ნაბიჯი. მათი შეფასებით, გამართულად მოქმედი ინსტიტუტი ეწირება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პირად დაპირისპირებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გიორგი ქადაგიძესთან, რომელსაც უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურება.

ინიციატივა ოპოზიციურ პარტიებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად, ასევე გახდა პრეზიდენტის, ბიზნეს ასოციაციების და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჯგუფის კრიტიკის სამიზნე. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ღიად მიანიშნა, რომ სამივე მოსმენით მიღების შემთხვევაში, ის კანონპროექტს ვეტოს დაადებს. 

კანონპროექტის თანაავტორმა, პარლმენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა უარყო ბრალდებები და განაცხადა 16 ივლისს სხდომაზე, რომ ცვლილებები მიმართულია საფინანსო სექტორის მეტი გამჭირვალობისკენ, რათა არსებობდეს „წვდომა“ ინფორმაციაზე. მან ასევე „აბსურდული“ უწოდა ბრალდებას, რომ ეს ცვლილება მორგებულია ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე, რომელმაც ღიად დაუჭირა მხარი ამ ინიციატივას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)