პარლამენტმა 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა



პარლამენტის სხდომათა დარბაზი ქუთაისში, 17 ივლისი, 2015 წელი

2015 წლის ბიუჯეტში მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები, რომელიც რიგი სახელმწიფო უწყებების დაფინანსების შეკვეცას ითვალისწინებს, პარლამენტმა 16 ივლისს 78 ხმით 18-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. 

საპარლამენტო ოპოზიციამ მას მხარი არ დაუჭირა და განაცხადა, რომ ის „დაგვიანებულია“ და არ პასუხობს არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს.

ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის თანახმად, 7.6 მლრდ ლარიდან 200 მლნ ლარით მცირდება და 7.4 მლრდ ლარით განისაზღვრება საგადასახადო შემოსავლების გეგმა, თუმცა ამ დანაკლისის შევსება სხვა წყაროებიდან მისაღები თანხების ხარჯზე ხდება და ამდენად, ძირითადი პარამეტრები მნიშვნელოვნად არ მცირდება.

კერძოდ, პროექტის მიხედვით შემოსავლები 7.95 მლრდ ლარით განისაზღვრება არსებული 8.09 მლრდ ლარის ნაცვლად, ხოლო ხარჯები 8.01 მლრდ ლარს შეადგენს, არსებული 8 მლრდ ლარის ნაცვლად.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პროექტის წარდგენისას აღნიშნა, საბიუჯეტო დეფიციტის მოცულობა მშპ-ს 3%-იან ნიშნულზე რჩება.

ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 5%-დან 2%-მდე მცირდება და ამის მიზეზად მთავრობა ნეგატიურ საგარეო ფაქტორებზე მიუთითებს.

2015 წლის პირველ ხუთ თვეში, საქსტატის მონაცემებით, მშპ-ს საშუალო რეალურმა ზრდამ 2.5% შეადგინა. გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ მართალია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი „კონსერვატიულ“ 2%-იან ნიშნულამდე მცირდება, მაგრამ არსებული მონაცემები იმის პროგნოზირების საშუალებას იძლევა, რომ წლიური ეკონომიკური ზრდა შესაძლოა 3%-მდე იყოს.  

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, შემცირებული საგადასახადო შემოსავლების დაბალანსება "სხვა შემოსავლების" 20 მლნ ლარით ზრდის, ასევე გრანტებისა და კრედიტების ხარჯზე იგეგმება, რომელთა მოცულობაც 40.9 მლნ ლარით და 185 მლნ ლარით იზრდება, შესაბამისად; ასევე 150 მლნ ლარით იზრდება მობილური ოპერატორების მეოთხე თაობის ლიცენზიების გაყიდვით მისაღები შემოსავლები.

გადამუშავებული პროექტის თანახმად, სამინისტროებისა და სხვა მხარჯავი დაწესებულებების ხარჯები 159 მლნ ლარით მცირდება, ზოგ შემთხვევაში შრომის ანაზღაურებასა და სხვა მიმდინარე ხარჯებზე ეკონომიის გამო ან დაგეგმილი კაპიტალური პროექტების განხორციელების პრობლემებიდან გამომდინარე.

გამოთავისუფლებული თანხების ნაწილი 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას მოხმარდება, რამაც მთავრობის თქმით,  გარკვეული კორექტივების შეიტანა ჯერ კიდევ თებერვალში დაანონსებულ საბიუჯეტო ცვლილებებში.

პროექტის, თანახმად სოციალური ხარჯები უცვლელი რჩება და დანაკლისს მხოლოდ შემდეგი სამინისტროები და უწყებები განიცდიან:

  • 54.5  მლნ ლარი აკლდება  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტროს  იმის გამო, რომ გაჭიანურებული სატენდერო და საპროექტო სამუშაოების გამო თანხები სავარაუდოდ ვერ იქნება ათვისებული;  წელს არსებული 1 მლრდ ლარის დაფინანსებიდან სამინისტროს ბიუჯეტი 945. 5 მლნ ლარამდე შეუმცირდება.
  • 25.5 მლნ ლარი ჩამოეჭრება სოფლის მეურნეობის სამინისტროს როგორც საბიუჯეტო სახსრების ( 9.1 მლნ ლარი), ისე დონორების დაფინანსებული პროექტების (16.4 მლნ ლარი) ფარგლებში და შედეგად, მისი დაფინანსება 292.9 მლნ ლარიდან 267.45 მლნ ლარამდე შემცირდება.
  • 13.1 მლნ ლარი დააკლდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მისი დაფინანსება 853.9 მლნ ლარიდან 840.8 მლნ ლარამდე დაიკლებს.
  • 10.7 მლნ ლარით ნაკლებს მიიღებს ენერგეტიკის სამინისტრო, რომლის  125 მლნ ლარიანი დაფინანსება საბიუჯეტო სახსრებისა და დონორების დაფინანსებული პროექტების  თანაბრად შემცირების ხარჯზე  114.3 მლნ ლარამდე დაიკლებს.
  • 10.5 მლნ ლარი დააკლდება საგარეო საქმეთა სამინისტროს, ძირითადად საელჩოების შესაძენი სახსრებიდან და ის 100 მლნ ლარის ნაცვლად,  89.5 ლარს მიიღებს.
  • 10  მლნ ლარი დააკლდება შინაგან საქმეთა სამინისტროს და მისი დაფინანსება 591.65 მლნ ლარს შეადგენს. მართალია ამჟამად შსს-ის დაფინანსება 638.7 ლარია, მაგრამ ამ თანხიდან 36 მლნ ლარი ცვლილებების შედეგად, გადავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსებაზე, რომელიც შსს-ის გაყოფის შედეგად 1 აგვისტოდან შეიქმნება.
  • 9 მლნ ლარი დააკლდება ფინანსთა სამინისტროს, რომლის დაფინანსებაც არსებული 100 მლნ ლარიდან 91 მლნ ლარამდე შემცირდება.
  • 6.1 მლნ ლარი ჩამოეჭრება თავდაცვის სამინისტროს, თუმცა იმის გამო, რომ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ეკონომიკის სამინისტროდან კვლავ თავდაცვის უწყების დაქვემდებარებაში გადადის, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 640 მლნ ლარიდან 667.331 მლნ ლარამდე აიწევს.
  • ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება „დელტას“ გადატანის გამო 120 მლნ ლარის ნაცვლად, 85.368 მლნ ლარით განისაზღვრება.
  • 6 მლნ ლარით ნაკლებს მიიღებს საქართველოს პარლამენტი, რომლის ბიუჯეტიც წელს 52 მლნ ლარის ნაცვლად, 46 მლნ ლარით განისაზღვრება.
  • 4.5 მლნ ლარი დააკლდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და მისი დაფინანსება 155 მლნ ლარის ნაცვლად, 150.5 მლნ ლარს შეადგენს.
  • 3.6 მლნ ლარით ნაკლებს მიიღებს საბიუჯეტო სახსრების ნაწილში იუსტიციის სამინისტრო, რომლის დაფინანსებაც არსებული 68.5 მლნ ლარიდან 66.114 მლნ ლარამდე შემცირდება, ვინაიდან კრედიტების ნაწილში მილიონ ლარზე მეტი ემატება.
  • 2.4 მლნ ლარი დააკლდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, რომლის დაფინანსებაც წელს 39 მლნ ლარის ნაცვლად,  36.57 მლნ ლარით განისაზღვრება.

სხვა ძირითადი მხარჯავი დაწესებულებები 3.1 მლნ ლარით მცირდება, მათ შორის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 1 მლნ ლარი აკლდება და მისი ბიუჯეტი 94 მლნ ლარი ხდება; სპორტის სამინისტროს 200 ათასი ლარი აკლდება და დაფინანსება 69.8 მლნ ლარით განისაზღვრება, ხოლო 1.6 მლნ ლარით მცირდება საქართველოს დაზვერვის სამსახურის დაფინანსება, რომელიც 12.4 მლნ ლარით განისაზღვრება.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთავრობის სარეზერვო ფონდი 20 მლნ ლარით იზრდება 70 მლნ ლარამდე, ხოლო დაახლოებით მილიონი ლარი ემატება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, რომლის დაფინანსებაც 54 მლნ ლარი ხდება.

ეს წელს ბიუჯეტის პირველი კორექტირებაა.

„ეს არის ბიუჯეტი, სადაც თანხების გამოთავისუფლება ხდება და გადადის იმ მიმართულებით, სადაც საჭიროება და ათვისება არის მაღალი“,  – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ოპოზიციის იმ ბრალდებების საპასუხოდ, რომ მთავრობა ბოლო წლებში პირველად ბიუჯეტის „სეკვესტრს“ ახორციელებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)