მარეგულირებელი კომისია თბოსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას დათანხმდა
თბოელექტროსადგური გარდაბანში, რომლის მფლობელიც რუსული სახელმწიფო კომპანია „ინტერ რაოა“; ეს უკანასკნელი „თელასის“ აქციების 75.1%–ის მესაკუთრეა. ფოტო შპს „მტკვარი ენერგეტიკას“ ვებგვერდიდან
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზარდოს იმ თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფი, რომელთაც სამი კომპანია მართავს და მათ შორისაა ელექტროენერგიის ორი უმსხვილესი დისტრიბუტორი საქართველოში.
თუმცა, ახალი ტარიფი, რომელიც მარეგულირებელმა კომისიამ 22 ივლისს დაადგინა, ბევრად ჩამოუვარდება კომპანიების მიერ მოთხოვნილ ზრდას; კომპანიებს უფრო მაღალი ტარიფების დაწესება სურთ, რადგან ლარის გაუფასურების გამო გაზის შესყიდვაზე გათვალისწინებული ხარჯები გაუძვირდათ.
თბოელექტროსადგურებმა 2014 წელს საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის დაახლოებით 19% გამოიმუშავეს.
2015 წლის აპრილში სამმა კომპანიამ – შპს „ჯიფაუერმა“, შპს „მტკვარი ენერგეტიკამ“ და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ“ კომისიაში წარადგინეს წერილობითი მოთხოვნები ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების ზრდის თაობაზე.
შპს „ჯიფაუერი“ არის ელექტროენერგიის უმსხვილესი დისტრიბუტორი კომპანიის „ენერგო–პრო ჯორჯიას“ შვილობილი კომპანია. ამ უკანასკნელის საბაზრო წილი 63%–ია. შპს „ჯიფაუერი“ გარდაბნის 110 მეგავატი სიმძლავრის აირტურბინული ელექტროსადგურის ოპერირებას ახორციელებს. „ენერგო–პრო ჯორჯია“, რომელიც ჩეხური კომპანია „ენერგო პროს“ ნაწილია, საქართველოში 12 ჰიდროელექტროსადგურის ოპერირებას ახორციელებს და თბილისის გარეთ მილიონზე მეტ აბონენტს აწვდის ელექტროენერგიას.
შპს „მტკვარი ენერგეტიკა"-ს მფლობელია რუსული კომპანია „ინტერ რაო“, რომელიც კომპანია „თელასის“ აქციების 75.1%–ის მფლობელია. „თელასი“ ელექტროენერგიის მეორე უმსხვილესი დისტრიბუტორია საქართველოში და მისი საბაზრო წილი 32.5%–ს შეადგენს. შპს „მტკვარი ენერგეტიკა“ თბოელექტროსადგურსაც მართავს, რომლის დადგმული სიმძლავრეც 300 მეგავატია და რომელიც ასევე გარდაბანში მდებარეობს.
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინდუსტრიული ჰოლდინგის „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა. ისიც გარდაბანში მდებარე თბოელექტროსადგურის ოპერირებას ახორციელებს.
სამივე კომპანია თავიანთი თბოელექტროსადგურების მუშაობისთვის გაზს 1000 კუბურ მეტრს 143 დოლარად აზერბაიჯანული კომპანია SOCAR–ისგან ყიდულობს, მარეგულირებელ კომისიაში კომპანიების მიერ წარდგენილი დოკუმენტების თანახმად.
მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „ჯიფაუერისთვის“ ტარიფი განისაზღვრა 7.534 თეთრით კვტ/სთ-ზე, რაც მხოლოდ 1.8%–იანი ზრდაა.
შპს „მტკვარი ენერგეტიკა“ ითხოვდა ტარიფის ზრდას 7.17–დან 12.75 თეთრამდე კილოვატზე, თუმცა მისი ტარიფი 10.871თეთრით განისაზღვრა კვტ/სთ-ზე.
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ ითხოვდა ტარიფის ზრდას 7.319–დან 13.98 თეთრამდე, თუმცა მისი ტარიფი 10.194 თეთრით განისაზღვრა კვტ/სთ–ზე.
„საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ დამფუძნებელი კომპანიის, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ფინანსურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ განაცხადა, რომ მთელი სისტემის მდგრადობა ეჭვქვეშ დადგება, რადგან მარეგულირებელმა კომისიამ უარი თქვა ტარიფების იმ ნიშნულამდე გაზრდაზე, რასაც კომპანიები მოითხოვდნენ; მან ასევე დასძინა, რომ ეს შეაფერხებს შემდგომ ინვესტიციებს ელექტროენერგიის გენერაციის სექტორში.
„ენერგო–პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელმა მიხეილ ბოცვაძემ განაცხადა მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე, რომ ტარიფების ზრდის გარეშე კომპანია ვეღარ შეძლებს ნოემბერ–დეკემბერში 24–საათიანი ელექტროენერგიის მიწოდებას.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა ამგვარი პერსპექტივა უარყო.
მან განუცხადა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს: „მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის დაბალი ტარიფი, ან მაღალი ტარიფი. ეს არის ის ტარიფი, რაც უნდა იყოს, რაც განსაზღვრა მეთოდოლოგიამ. შესაბამისად, ეს არის ის ფასი, რომელიც იძლევა იმის გარანტიას, რომ ელექტრომომარაგებას პრობლემა არ ექნება არავისთვის“.
მარეგულირებელი კომისიის 22 ივლისის სხდომას ასევე ესწრებოდნენ რამდენიმე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომელთაც ტარიფების ზრდის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და მარეგულირებელი კომისიის დაშლისკენ მოუწოდეს.
23 ივლისს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „ენერგო–პრო ჯორჯიას“ კიდევ ერთ მიმართვაზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომლითაც ლარის გაუფასურების გამო საკუთარი აბონენტებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას ითხოვს.
2013 წელს უკვე შემცირდა ელექტროენერგიის ტარიფები ზოგიერთი კატეგორიისთვის, რაც კოალიცია ქართული ოცნების ერთ–ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 23 ივლისს მთავრობის სხდომაზე ტარიფის მოსალოდნელი ზრდის შესახებ, რაც მისი თქმით, „რეგიონში შექმნილი რეალობით არის გამოწვეული“, განაცხადა: „თუ ტარიფი დაკორექტირდება და აიწევს, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მოსახლეობას ტვირთი შეუმსუბუქოს და აუცილებლად იქნება სუბსიდირება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ანუ მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება“.
მაისში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ არ დააკმაყოფილა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მოთხოვნა თბილისში წყლის ტარიფის გაზრდის თაობაზე.
This post is also available in: English (ინგლისური)