მარეგულირებელმა კომისიამ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ყველა კატეგორიის მომხმარებელს ელეტროენერგიის ტარიფი 3.95 თეთრით გაუზარდა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „ენერგო პრო ჯორჯიას“ მოთხოვნის შედეგად მის ყველა კატეგორიის მომხმარებელს ელეტროენერგიის ტარიფი 3.95 თეთრით გაუზარდა.
1 აგვისტოდან გაზრდილი ტარიფი თბილისისა და კახეთის გარდა, შეეხება იმ მილიონზე მეტ აბონენტს, რომელთაც „ენერგო პრო ჯორჯია“ ამარაგებს ელექტროენერგიით.
ელექტროენერგიის ტარიფები ბოლოს 2013 წელს დაკორექტირდა, თუმცა შემცირების მიმართულებით.
საქართველოში სამსაფეხურიანი სატარიფო სისტემა მოქმედებს და ტარიფების ოდენობა დედაქალაქსა და მის ფარგლებს გარეთ განსხვავებულია.
მართალია „ენერგო პრო ჯორჯია“ უფრო მეტ ზრდას ითხოვდა, თუმცა მარეგულირებელი კომისიის 23 ივლისის გადაწყვეტილებით, კომპანიის აბონენტებისთვის პირველი კატეგორიის ტარიფი, რომელიც იმ ოჯახებზე ვრცელდება, რომლებიც თვეში 101 კვ/სთ–ზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ, არსებული 9 თეთრიდან 12.96 თეთრამდე გაიზრდება. ამ ზრდის შედეგად, ტარიფი თითქმის 2013 წლამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდება, როდესაც ის 12.98 თეთრს შეადგენდა.
მეორე კატეგორიის ტარიფი, რომელიც იმ აბონენტებზე ვრცელდება, რომლებიც თვეში 101–დან 301 კვ/ს–მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, არსებული 12.98 თეთრიდან 16.93 თეთრამდე გაიზრდება კვ/სთ–ზე. გაზრდილი ტარიფი 2013 წლამდე არსებულ ტარიფზე ოდნავ მეტია. მაშინ ტარიფი 16.52 თეთრს შეადგენდა.
მესამე კატეგორიის ტარიფი, რომელიც იმ აბონენტებს შეეხებათ, რომლებიც 301 კილოვატზე მეტს მოიხმარენ თვეში, არსებული 17.5 თეთრიდან 21.45 თეთრამდე გაიზრდება კვ/სთ–ზე. 2013 წელს ტარიფის შემცირება ამ კატეგორიის აბონენტებს არ შეხებიათ.
ამ გადაწყვეტილებას ერთი დღით უსწრებდა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თანხმობა, რათა გაიზარდოს იმ თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფი, რომელთაც სამი კომპანია მართავს და მათ შორისაა ელექტროენერგიის ორი უმსხვილესი დისტრიბუტორი საქართველოში – „ენერგო პრო ჯორჯია“ და კომპანია „თელასი“.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში უკვე შესულია თბილისში ელექტროენერგიის დისტრიბუტორი კომპანია „თელასის“ განაცხადიც დედაქალაქში ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის თაობაზე.
მთავრობამ განაცხადა, რომ ელექტროენერგიის ტარიფების ზრდის დასაბალანსებლად სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სუბსიდირების სქემებს ამზადებს და უახლოეს ხანებში წარადგენს.
პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა მართალია ხაზი გაუსვა, რომ მარეგულირებელი კომისია „დამოუკიდებელია“ თავის გადაწყვეტილებებში, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ტარიფის ზრდა „რეგიონში შექმნილი რეალობით არის გამოწვეული“.
„თუ ტარიფი დაკორექტირდება და აიწევს, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მოსახლეობას ტვირთი შეუმსუბუქოს და აუცილებლად იქნება სუბსიდირება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ანუ მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა 23 ივლისს მთავრობის სხდომაზე მანამ, სანამ მარეგულირებელი კომისია ტარიფის გაზრდაზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა.
ამ გადაწყვეტილების კომენტირებისას ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა: „ვინაიდან ჩვენ ვართ იმპორტზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული ქვეყანა ენერგეტიკაში და ამას გარდა, ვინაიდან ბევრ ენერგოკომპანიას აქვს დოლარში ვალდებულებები, სახელმწიფომ, რა თქმა უნდა, გაგებით უნდა შეხედოს მარეგულირებლის გადაწყვეტილებას, რათა შენარჩუნებული იქნას ენერგეტიკის სისტემის მდგრადობა , რათა შენარჩუნებული იქნას უწყვეტი მიწოდება და რათა განვითარდეს ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)