მარგველაშვილი: ‘მე ფიცი დავდე არა ქართული ოცნების წინაშე, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინაშე’
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ კოალიცია ქართული ოცნების ზოგიერთი პოლიტიკოსის მცდელობა, რომ დააჯერონ საზოგადოება, თითქოს პრეზიდენტი ნაციონალურ მოძრაობასთან „შეკრულია“, „სერიოზულ ზიანს მიაყენებს“ თავად კოალიციას და „გააძლიერებს“ ოპოზიციურ პარტიას.
„მე ვერ ვხვდები ამას რატომ აკეთებენ“, – განაცხადა მან 31 ივლისს ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ინტერვიუში, როდესაც მას ქართული ოცნების კრიტიკის შესახებ დაუსვეს კითხვა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა საბანკო ზედამხედველობის შესახებ ცვლილებებს ვეტოს დაადო.
31 ივლისს ვეტოს დადების თაობაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილების კომენტირებისას კანონპროექტის თანაავტორმა, ქართული ოცნების დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა, რომელიც პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეა, გააკრიტიკა მარგველაშვილი და განაცხადა, რომ მარგველაშვილის გადაწყვეტილებები ნაციონალური მოძრაობის პოზიციას შეესაბამება.
„პრეზიდენტობანას თამაში დაიწყო“, – განაცხადა მეჭიაურმა. „ხალხის არჩეული არ არის. ის არის ბიძინა ივანიშვილის არჩეული, რომლის ამომრჩეველმაც მას [მარგველაშვილს] მისცა მისი [ივანიშვილის] ხათრით ხმა“.
პარლამენტის ვიცე–სპიკერმა, ქართული ოცნების დეპუტატმა მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის გადაწყვეტილება, ვეტო დაადოს კანონპროექტს „ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგია“.
„ვწუხვარ, რომ ასეთი თანხვედრა არის ხოლმე ძალიან ხშირად ნაციონალური მოძრაობის და პრეზიდენტის პოზიციებს შორის“, – განაცხადა მან.
თანაპარტიელებისგან განსხვავებით და ასევე ამ საკითხზე თავისი წინა კომენტარებისგან განსხვავებით, პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უფრო მსუბუქი კრიტიკა გამოთქვა და განაცხადა 31 ივლისს: „ვეტო არის დემოკრატიული პროცესი და ეს, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის გადასაწყვეტია; რამდენად ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით – ეს ჩვენი საქმეა, ეს პირადი შეხედულებაა“. შემდეგ მან დასძინა: „რა თქმა უნდა, ისე როგორც სხვა ვეტოები დავძლიეთ, ამ ვეტოსაც დავძლევთ უპრობლემოდ“.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მისი „ვალდებულება“ იყო ვეტოს გამოყენება იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელმაც სერიოზული კრიტიკა გამოიწვია და რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკს საბანკო ზედამხედველობის ფუნქციას ართმევს და ცალკე სააგენტოს გადასცემს.
„როდესაც მე დავინახავ, რომ რაიმე ტიპის კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს, მე არ შევშინდები, არ გავალ ბუჩქებში, არ ვიტყვი, რომ ‘ჩვენ ხომ ერთი გუნდი ვართ და მე სიმართლეს არ ვიტყვი’. მიუხედავად იმისა, რომ ამას მოყვება პოლიტიკური კამპანიები, შეურაცხყოფა, მაინც ღიად ვიტყვი სიმართლეს იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ ეს კარგია საქართველოსთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
„შეიძლება ეს არ იყოს კომფორტული მმართველი გუნდისთვის“, – განაგრძო მან. „მაგრამ მე ვარ საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული პრეზიდენტი, რომელმაც ფიცი დადო არა ქართული ოცნების წინაშე, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინაშე, ფიცი დადო სახელმწიფოს წინაშე, რომ ემსახურებოდა არა პოლიტიკურ პარტიას, არამედ ემსახურებოდა ქვეყანას“.
„მეტიც, თუ გახსოვთ ის პირველი საარჩევნო პერიოდი, სწორედ ამაზე ხდებოდა ქართული ოცნების შიგნითაც აქცენტირება. საუბარი იყო, რომ აი, ჩვენ გადავდგით წინ ნაბიჯი, ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს, რომელიც არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნის, ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს, რომელიც ყველას პრეზიდენტი იქნება და ასეთი მანდატით მოვედი მე. შესაბამისად, თუ მე ვხედავ, რომ რაიმე სირთულე ექნება ქვეყანას ამა თუ იმ კანონის სახით, ჩემი ვალდებულებაა, შევთავაზო ალტერნატიული ვერსია, მათ შორის ჩემი პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც, სხვათაშორის, … ემთხვევა ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამას და არა ნაციონალური მოძრაობის პროგრამას“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
ქართული ოცნების ზოგიერთმა დეპუტატმა გამოთქვა ვარაუდი, რომ პარლამენტმა შესაძლოა არ შეწყვიტოს არდადეგები პრეზიდენტის ვეტოს საკითხის განსახილველად და ეს საკითხი სექტემბერში განიხილოს, როდესაც საკანონმდებლო ორგანო პლენარულ სხდომებს განაახლებს. კოალიცია ქართულ ოცნებას პარლამენტში საკმარისი ხმები აქვს პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)