როსპოტრებნადზორი: ქართული ღვინის და კონიაკის ზოგიერთი მწარმოებელი ‘ხარისხის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს’

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურმა „როსპოტრებნადზორმა“ განაცხადა, რომ ორი ქართული კომპანიის მიერ წარმოებული კონიაკის და ღვინის 10 პარტია არ დაუშვა რუსულ ბაზაზრე, რადგანაც ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ „უსაფრთხოების და ხარისხის მოთხოვნებს“.

„მოწოდებული პროდუქციის ხარისხის და უსაფრთხოების ანალიზი ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა წარმოების ტექნოლოგიის სისტემატურ დარღვევებს და გამოშვებული პროდუქციის არასაკამარის კონტროლს როგორც მწარმოებლების, ისე საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან.

მან ასევე განაცხადა, რომ წელს რუსეთში 45 ქართული კომპანიის მიერ წარმოებული დაახლოებით 6.7 მილიონი ლიტრი ალკოჰოლურ სასმელის, ძირითადად ღვინის იმპორტი განხორციელდა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უპასუხა 5 აგვისტოს, რომ სამინისტროს „შესაბამისი  უწყებები დაინტერესდნენ „როსპოტრებნადზორის“განცხადებაში მითითებული პროდუქცის კონკრეტული  შემთხვევით და დაიწყეს  საკითხის შესწავლადა დამატებით დეტალებში გარკვევა“.

თუმცა მან ასევე განაცხადა: „სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხი მკაცრად კონტროლდება და მოწმდება  შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიებში. ქართული ღვინო ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქციაა და როგორც სახელმწიფო, ასევე მეწარმეები და ექსპორტიორები მაქსიმალურად დაინტერესებულნი არიან პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების  დაცვით“.

ქართული ღვინის ექსპორტი 2015 წლის პირველ შვიდ თვეში თითქმის განახევრდა და 16.81 მილიონი ბოთლი შეადგინა; 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში 31.37 მილიონი ბოთლის ექსპორტი განხორციელდა. 

ეს კლება რუსეთსა და უკრაინაში ღვინის ექსპორტის მკვეთრი შემცირებითაა განპირობებული, რაც 2015 წლის იანვარ–ივლისში, შესაბამისად, 59%–ით და 63%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

მიუხედავად ამ კლებისა, 2015 წლის პირველ შვიდ თვეში რუსეთი ქართული ღვინისთვის კვლავ უმსხვილეს საექსპორტო ბაზრად რჩება 8.47 მილიონი ბოთლით; შემდეგ მოდის ყაზახეთი – 2.53 მილიონი ბოთლით; უკრაინა – 1.51 მილიონი ბოთლით; ჩინეთი – 984,221 ბოთლით და პოლონეთი – 921,828 ბოთლით.

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველო ღვინის ექსპორტს 16 ქვეყანაში ახორციელებს.

რუსეთის და უკრაინის გარდა, ქართული ღვინის ექსპორტი სხვა ძირითად ბაზრებზე 2015 წლის პირველ შვიდ თვეში გაიზარდა. ყაზახეთში 3%–იანი ზრდა დაფიქსირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით; ჩინეთში – 35%–იანი, ხოლო პოლონეთში 2%–იანი  ზრდა.

2013 წელს რუსეთმა ქართული ღვინის, მინერალური წყლებისა და სხვა პროდუქციისთვის 2006 წლის შემდეგ ჩაკეტილი ბაზარი გახსნა. 2013 წელს რუსეთში ექსპორტირებული ქართული ღვინის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, 2014 წელს ის თითქმის გაორმაგდა და 111.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)