ქართველი დეპუტატები ირანს სტუმრობენ
ირანის ბირთვულ პროგრამაზე მიღწეული შეთანხმება „ახალ თავს“ ხსნის, რომელიც თეირანს და თბილისს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასაც დაეხმარება, განაცახდა ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ ალი ლარიჯანმა კვირას ქართველ დეპუტატებთან შეხვედრაზე.
საპარლამენტო დელეგაცია ვიცე–სპიკერის გუბაზ სანიკიძის ხელმძღვანელობით ირანს სტუმრობს, სადაც ქართველი დეპუტატები თავიანთ ირანელ კოლეგებს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მორტეზა სარმადის და ირანის კულტურული მემკვიდერეობისა, ხალხური რეწვის და ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, მასუდ სოლთანიფარს შეხვდნენ.
ურთიერთობების გაღრმავებით ორივე ქვეყანა მიიღებს სარგებელს, იტყობინება ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA ირანის პარლამენტის თავმჯდომარის, ალი ლარიჯანის სიტყვებზე დაყრდნობით.
საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ ივლისში ვენაში თეირანის ბირთვულ პროგრამაზე მიღწეული შეთანხება, რასაც შესაძლოა ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქება მოყვეს, „გრადიოზულ პერსპექტივებს“ ქმნის, მათ შორის საქართველოსთვისაც.
მან ასევე განაცხადა, რომ ორივე მხრიდან არსებობს დიდი სურვილი და მზადყოფნა, რომ გაღრმავდეს თანამშრომლობა და დასძინა, რომ ირანის ენერგორესურსების საქართველოს გავლით ტრანსპორტირებას „სტრატეგიული მნიშვნელობა“ ექნება საქართველოსთვის, მათ შორის უსაფრთხოების თვალსაზრისით.
საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის დეპუტატებისგან შემდგარი ქართული დელეგაციის ვიზიტამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე საქართველოს ექვსი ირანელი დეპუტატი სტუმრობდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ირანს 2015 წლის იანვარში ეწვია, ხოლო 2015 წლის მაისში თეირანს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და ვიცე–პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი სტუმრობდა.