თბილისი გმობს სამხრეთ ოსეთის ე.წ. ‘საზღვრის’ აღმნიშვნელი ახალი ბანერების აღმართვას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბანერების დამონტაჟება და განაცხადა, რომ ამ ქმედების შედეგად რამდენიმე ადგილობრივი მოსახლის სასოფლო სამეურნეო სავარგული ბანერებს მიღმა მოექცა.

სამინისტროს განცხადებით, ეს ახალი ბანერები რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქარელის რაიონის სოფელ თამარაშენისა და ცერონისის მიმდებარე ტერიტორიაზე დაამონტაჟეს.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს მოსკოვის მხრიდან მორიგ პროვოკაციულ აქტს, რომელიც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. „საქართველო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს მასზე დაკისრებული საერთაშორისო ვალდებულებები და თავი შეიკავოს ვითარების ესკალაციისკენ მიმართული ქმედებებისგან“.

„ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის უკანონო პოლიტიკას და მიიღოს ადეკვატური ზომები ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით“, – აცხადებს სამინისტრო.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა 11 აგვისტოს, რომ საქართველო არ უნდა წამოეგოს რუსეთის პროვოკაციებზე, რომლებიც, მისი თქმით, გაგრძელდება. ხიდაშელმა განაცხადა, რომ იგი მოელის, რომ ასეთ ბანერებს რუსეთი კიდევ განათავსებს სეპარატისტული რეგიონის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ, ვინაიდან საქართველო განაგრძობს ევრო–ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.  „შემიძლია 6–7 სხვა ადგილი გითხრათ, სადაც, სავარაუდოდ, JTEC–ის [ნატო–საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი] გახსნის გამო, ვიზალიბერალიზაციის გამო, საქართველოს ნატოსკენ გადადგმული ნაბიჯების გამო და ბევრი სხვა მიზეზის გამო, რომელიც საერთოდ ჩვენი ქვეყნის არსებობას უკავშირდება და ამ არსებობაზე უარის ართქმას უკავშირდება, რუსეთი ამ მოქმედებებს გააგრძელებს“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)