‘კაბელების საქმის’ მონაწილეები თავდაცვის სამინისტროში თანამდებობებზე აღადგინეს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და გაერთიანებული შტაბის ოთხი თანამშრომელი, რომელთა მიმართაც ე.წ. „კაბელების საქმეზე“ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, თავიანთ თანამდებობებზე აღადგინეს, განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ.
თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ერთი ყოფილი და მაშინ ოთხი მოქმედი თანამშრომელი 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს და 4.1 მლნ ლარის ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში დასდეს ბრალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ 2013 წელს გამოცხადებულ საიდუმლო ტენდერთან დაკავშირებით. ისინი ბრალდებებს უარყოფენ.
ე.წ. „კაბელების საქმეს“ მმართველი კოალიციის გახლეჩა და თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლება მოყვა, რის შემდეგაც მისმა ორმა თანაგუნდელმა მინისტრის პოსტები დატოვა. ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები“ 2014 წლის ნოემბერში კოალიცია ქართული ოცნებას გამოეყო. ალასანია თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებდა.
ხუთივე პირმა თითქმის რვა თვე წინასწარ პატიმრობაში გაატარა, რის შემდეგაც ივნისში ისინი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც პროკურატურა მათ გაშვებას აღარ შეეწინააღმდეგა.
სასამართლოს მიერ წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ ოთხ მოქმედ თანამშრომელს (მეხუთე – შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი – დაკავების დროს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი აღარ იყო) უფლებამოსილება შეუჩერეს. ორი მათგანი თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტში, ხოლო დანარჩენი ორი გაერთიანებული შტაბის კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტში მუშაობდა.
თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა 12 აგვისტოს Facebook-ის გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, არანაირი სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობდა, რომ მათ კვლავ შეჩერებული ჰქონოდათ უფლებამოსილება. ამიტომაც, მათ უფლებამოსილება აღუდგათ.
„ვინმეს დამნაშავეობა/უდანაშაულობა თავდაცვის სამინისტროს განსასჯელი არ არის. ამას სასამართლი დაადგენს“, – განაცხადა მან "ე.წ. კაბელების საქმეზე", რომელზეც სასამართლო განხილვა კვლავ მიმდინარეობს.
„თავისუფალი დემოკრატები“ და მისი ლიდერი ირაკლი ალასანია მიესალმნენ თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას. ალასანიამ განაცხადა, რომ ხუთივე მათგანი „უდანაშაულო მსხვერპლი იყვნენ "კაბელების" გამოგონილი საქმის“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)