უკრაინის საჰარეო ძალების მეთაური საქართველოს სტუმრობს

უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ–მაიორი სერგეი დროზდოვი, რომელიც სამდღიანი ვიზიტით თბილისს სტუმრობს, 13 აგვისტოს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს შეხვდა. 

შეხვედრის შემდეგ გენერალ–მაიორმა დროზდოვმა, რომელიც უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურად გასულ თვეს დაინიშნა, განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა, რომელთაც „საერთო მისწრაფებები“ აქვთ, ერთობლივ სამუშაო გეგმას მოამზადებენ, რომლითაც ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განისაზღვრება, მათ შორის საჰაერო თავდაცვის, საჰაერო ძალების პერსონალის მომზადების და გამოცდილების გაზიარების სფეროებში. მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინულ მხარეს განსაკუთრებით აინტერესებს საქართველოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომით მიღებული გამოცდილება.

გენერალ–მაიორმა კაპანაძემ განახცადა, რომ საქართველოს და უკრაინას „მჭიდრო ურთიერთობა“ აქვთ და უკრაინის საჰარეო ძალების მეთაურის ვიზიტის მიზანია „კიდევ უფრო გაღრმავდეს“ არსებული ურთიერთობები, კერძოდ კი საჰაერო თავდაცვის სფეროში.

„ვიზიტის შედეგად შეიქმნება გეგმა, რომლის შედეგადაც მოხდება გამოცდილების გაზიარება“, – განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ. „ვიზიტის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიზანი არის საქართველოს სამხედრო–სამრეწველო კომპლექსის და პოტენციალის გაცნობა, რათა შემდგომში დაიგეგმოს ერთობლივი პროექტები“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)