საქართველოს ლიდერები უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი თავიანთ მისალოც წერილებში დაადასტურეს თბილისის მხარდაჭერა კიევის მიმართ.

„საქართველო არის და იქნება მოძმე უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი, განსაკუთრებით ახლა, როდესაც უკრაინას კვლავ უწევს სუვერენიტეტის განმტკიცებისათვის ბრძოლა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ, ურყევ მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განვითარდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უკრაინელი კოლეგისთვის პეტრო პოროშენკოსთვის გაგზავნილ წერილში.

„საქართველო ყოველთვის იქნება უკრაინის აქტიური მხარდამჭერი. სწორედ საერთო ძალისხმევითა და ურთიერთთანადგომით შევძლებთ, დავძლიოთ სირთულეები და მტკიცე ნაბიჯებით განვაგრძოთ სვლა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვაში, რომლის ადრესატებიც უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი და პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო არიან.

იმავდროულად, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, 24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ის შვიდი უკრაინელი ჯარისკაცი მოინახულა, რომლებიც წეროვანის დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის ცენტრში მკურნალობას გადიან.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათი რეაბილიტაციის კურსი 20 აგვისტოს დაიწყო და 3 სექტემბერს დასრულდება; ისინი ამ კურსს, სამინისტროს თანახმად, საქართველო-უკრაინას შორის  2015 წლის 28 აპრილს გაფორმებული მემორანდუმის თანახმად გადიან.

„დღევანდელი დღე მინდა მივულოცო უკრაინელ ხალხს. მათი გამარჯვება ჩვენიც და, საერთოდ, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში  გამარჯვებაა“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა, რომელიც წეროვანს უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან და უკრაინის სამხედრო ატაშესთან ერთად ეწვია. 

„უკრაინის ხელისუფლებასთან სხვადასხვა ჰუმანიტარულ პროექტებში ვთანამშრომლობთ“, – აღნიშნა მინისტრმა ხიდაშელმა, „ამჟამად,  ჩვენს სამკურნალო დაწესებულებებში უკრაინელი ახალგაზრდები გადიან რეაბილიტაციას. მზად ვართ, აღმოვუჩინოთ ყველანაირი დახმარება, რაც კი შეგვიძლია. ვფიქრობთ, რომ ასეთი ტიპის ჰუმანიტარულ პროექტები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც სჭირდება, საზღვრების მიუხედავად“. 

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინული მხარის სურვილის შემთხევაში, საქართველოში სარეაბილიტაციო კურსის გავლას სხვა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებიც შეძლებენ.