წინასწარი მონაცემებით, ივლისში მშპ–ის ზრდამ 3% შეადგინა
"საქსტატის“ მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ივლისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 3% შეადგინა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2015 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2.6% შეადგინა. შარშან ამავე პერიოდში ეკონომიკის 6.2%-იან ზრდას ჰქონდა ადგილი.
პარლამენტმა 17 ივლისს მხარი დაუჭირა მთავრობის ინიცირებულ ცვლილებებს ბიუჯეტში, რის შედეგადაც 2015 წლისთვის თავდაპირველად პროგნოზირებული მშპ-ის 5%-იანი ზრდის მაჩვენებელი 2%-მდე შემცირდა, ხოლო საგადასახადო შემოსავლების პროგნოზმა 200 მლნ ლარით დაიკლო და 7.4 მლრდ ლარი შეადგინა.