ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მოადგილეები უცვლელი დატოვა

საგარეო საქმეთა ახალ მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნას მინისტრის მოადგილეების ცვლილება არ მოჰყოლია და ხუთივე მოადგილემ, რომლებიც ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის მმართველობისას მუშაობდნენ, შეინარჩუნეს თავიანთი პოსტები.

ხელმძღვანელის შეცვლასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს დავით დონდუას, რომელიც იმავდროულად ჟენევის დისკუსიებზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელია, ასევე მოადგილეებს: დავით ჯალაღანიას, გიგი გიგიაძეს,  ხათუნა თოთლაძესა და ვლადიმერ გურგენიძეს 1 სექტემბერს ფორმალურად შეუწყდათ უფლებამოსილებები, თუმცა იმავე დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებებით ხელახლა დაინიშნენ იმავე თანამდებობებზე.

მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად ახალი ხელმძღვანელი ჰყავს ასევე ეკონომიკის სამინისტროს, თბილისის ყოფილი ვიცე-მერის დიმიტრი ქუმსიშვილის სახით, რომელმაც ამ თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილი შეცვალა, რომლის ყოფილი მოადგილეებიდან, ამ დროისთვის მხოლოდ მიხეილ ჯანელიძეა დანიშნული ეკონომიკის ახალი მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. 

იმავდროულად, 2 სექტემბერს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ვიცე-მერის ვაკანტურ თანამდებობაზე, ქუმსიშვილის შემცვლელად ლაშა აბაშიძის კანდიდატურა წარადგინა, რომელიც მარტიდან ვაკის რაიონის გამგებელია, მანამდე კი, 2014 წლის ივნისამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. თბილისი მერის მიერ შეთავაზებული კანდიდატი თბილისის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.