საბანკო ზედამხედველობის შესახებ ახალი კანონი ამოქმედდა

საბანკო ზედამხედველობის შესახებ ვეტო დაძლეული კანონი, რომელიც ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას ითვალისწინებს, 10 სექტემბრიდან შევიდა ძალაში მას შემდეგ, რაც მას პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მოაწერა ხელი.

პარლამენტის მიერ 17 ივლისს მიღებულ სადავო საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, ბიზნესასოციაციების, ოპოზიციური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჯგუფისა და თავად ეროვნული ბანკის კრიტიკის ობიექტი გახდა, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ივლისის ბოლოს დაადო ვეტო და თავისი შენიშვნებით დაუბრუნა კანონპროექტი უკან დეპუტატებს, თუმცა ქართული ოცნების უმრავლესობამ არ გაიზიარა პრეზიდენტის პოზიცია და ვეტო დაძლია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავით პატარაიამ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მარგველაშვილი არ ეთანხმება ამ ცვლილებებს და თვლის, რომ პარლამენტის მხრიდან ვეტოს დაძლევა „სერიოზული შეცდომა“ იყო, მან ხელი მაინც მოაწერა ამ კანონს, რადგან მისი ნორმები არ ეწინააღმდეგება „რაიმე ბაზისურ, ფუნდამენტურ ღირებულებას“.

ცვლილებათა პაკეტი 10 სექტემბერს გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონი ძალაში შევიდა და 1 თვის ვადაში უნდა განხორციელდეს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, მათ შორის აირჩეს სააგენტოს საბჭო.

7-წევრიანი  საბჭოს პირველ შემადგენლობაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად ასევე უნდა შევიდეს ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთი წევრი და მთავრობის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი, რომელთაგან  2 წევრს 5 წლის ვადით, ხოლო 3 წევრს – 7 წლის ვადით პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით დაამტკიცებს. რაც შეეხება სააგენტოს უფროსს, ის სააგენტოს საბჭომ უნდა წარუდგინოს პარლამენტს, რომელიც სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, თუმცა არანაკლებ 50 ხმით დაამტკიცებს თანამდებობაზე 7 წლის ვადით.

ცვლილებების თანახმად, ეროვნული ბანკის შემადგენლობაში მყოფ, თუმცა მისგან დამოუკიდებელ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს სრულად გადაეცემა კომერციული და არაკომერციული საფინანსო ორგანიზაციების ზედამხედველობის ფუნქციები, მათ შორის კომერციული ბანკების და სხვა საფინანსო ორგანიზაციების ლიცენზირების, შემოწმებისა და რეგულირების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესების უფლება. აქამდე ამ ფუნქციებს ეროვნული ბანკის სტრუქტურაში არსებული დეპარტამენტები ახორციელებდნენ, რომელთა თანამშრომლებიც, კანონის თანახმად, შეინარჩუნებენ სამსახურებს და პირდაპირ დაინიშნებიან სააგენტოს შესაბამის თანამდებობებზე.

ამასთან, კანონი იმასაც ადგენს, რომ ოთხი თვის განმავლობაში ეროვნული ბანკი საფინანსო ზედამხედველობის ახლადშექმნილ სააგენტოს საჭირო ტექნიკური საშუალებებითა და მხარდაჭერით უზრუნველყოფს.