უსუფაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების გადადება ‘უკიდურესად არასასურველი მოვლენაა’

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „უკიდურესად არასასურველი მოვლენა“ უწოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების გადადებას თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სარჩელზე, რომელიც წინასწარი პატიმრობის ვადებს ეხება.

თბილისის ყოფილმა მერმა, რომელიც უკვე 14 თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, საკონსტიტუციო სასამართლოს აპრილში მიმართა კანონის იმ მუხლების გაუქმების თხოვნით, რომლებიც კონსტიტუციით განსაზღვრული წინასწარი პატიმრობის 9–თვიანი ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობას ქმნის.

საკონსტიტუციო სასამართლომ 15 სექტემბერს დღის პირველ ნახევარში ამ საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება 17:00 საათისთვის დააანონსა, თუმცა ამის გადადება იმ მიზეზით მოუხდა, რომ ქართული ოცნების ნომინირებით არჩეული მოსამართლე მერაბ ტურავა „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“ ვერ გამოცხადდა გადაწყვეტილებაზე ხელმოსაწერად.

16 სექტემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საუბრისას დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ის გუშინ ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს ესაუბრა.
 
„ვთხოვე, რომ რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს სიცხადე ამ საკითხში“, – განაცხდა მან და ხაზი გაუსვა, რომ "ჩვენ არ გვისაუბრია არაფერზე, რაც შეეხება გადაწყვეტილების შინაარსს“.

თუმცა, უსუფაშვილის განცხადებით, ამ პროცესმა „სხვადასხვა მითქმა-მოთქმის“ საბაბი გააჩინა ერთის მხრივ იმის თაობაზე, რომ „დაუსრულებელი თუ ტექნიკურად გაუმართავი გადაწყვეტილების გამოცხადება დაანონსდა და ხომ არ არის ამის გამო ზედმეტი სიჩქარე“, ხოლო მეორეს მხრივ, იმის შესახებ, რომ „ხომ არ არის გადაწყვეტილების გამოქვეყნების ხელოვნური გაჭიანურების მცდელობა“, როდესაც "სრულიად გაუგებარი თუ არადამაჯერებელი მიზეზის გამო მოსამართლის ხელმოწერის დასმა ვერ მოხერხდა გადაწყვეტილებაზე“. მისივე თქმით, თუ მოსამართლე ვერ მიდის ხელმოსაწერად, მაშინ ამისთვის გადაწყვეტილების მოსამართლემდე მიტანაც არის შესაძლებელი.

„არცერთი ვერსია არ ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში დამკვიდრდეს კონსტიტუციური წესრიგი  და სასამართლო სარგებლობდეს იმ ნდობით და ავტორიტეტით, რაც აუცილებელია“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ  „არ იქნება არც ზედმეტი სიჩქარე და არც ხელოვნური შეფერხება“ და „რაც შეიძლება სწრაფად მოგვარება“ საკითხი, „განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის თემას ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც“.

„ვისურვებ, რომ მალე ეს მითქმა-მოთქმა დასრულდეს და ჩვენ გადაწყვეტილების თაობაზე გვქონდეს შესაძლო აზრები და არა პროცესზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ მოდავე მხარეების კმაყოფილებისა თუ უკმაყოფილების თემა არ არის სასამართლოს განსჯადი საკითხი.