მარგველაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს საერთო სასამართლოების მიერ
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არაკონსტიტუციურად გამოცხადდა ბრალდებული პირის წინასწარ პატიმრობაში 9-თვიან ზღვრულ ვადაზე მეტი ხნით ყოფნა, საერთო სასამართლოებმა „დაუყოვნებლივ“ უნდა აღასრულონ ყველა ასეთ კონკრეტულ შემთხვევაში.
„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო და სავალდებულოა შესასრულებლად“, – განაცხადა 17 სექტემბერს პრეზიდენტმა თავის სატელევიზიო მოკლე განცხადებაში, „შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს საერთო სასამართლოების მიერ“.
„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ამ გადაწყვეტილების ყველა კონკრეტულ შემთხვევაში აღსრულების პროცესს“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
16 სექტემბერს საღამოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იმ სარჩელის საფუძველზე მიიღო, რომლითაც მას თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ აპრილში მიმართა მას შემდეგ, რაც მისი წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადის ამოწურვის მიუხედევად, მას ბრალდებების დამძიმების გამო წინასწარი პატიმრობა გაუხანგრძლივდა.
კონსტიტუციის თანახმად, ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. თუმცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმა, რომელიც 2010 წლიდან მოქმედებს და რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ არაკონსტიტუციურად ცნო, 9–თვიანი წინასწარი პატიმრობის გაგრძელების შესაძლებლობას ქმნიდა, თუ იმავე პირს ახალ ბრალდებებს წაუყენებდნენ.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი სადაო გახდა მას შემდეგ, რაც გიგი უგულავას მხარდამჭერებმა მისი ციხიდან დაუყოვნებლივ გამოშვება მოითხოვეს. თუმცა, იმავდროულად, მისმა ადვოკატებმა შუამდგომლობით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს განიხილოს უგულავას მიმართ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი, რაზეც სასამართლო კოლეგია დღეს 17:00 საათისთვის იმსჯელებს.
უგულავა, რომელიც ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია, 14 თვეზე მეტია წინასწარი პატიმრობის რეჟიმში საპატიმროში იმყოფება. მას რამდენიმე საქმეზე აქვს სხვადასხვა ბრალდებები წაყენებული, რომელთაც ის უარყოფს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს. სასამართლო პროცესები ამ საქმეებზე კვლავ გრძელდება.