საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს ოთხი წევრი დამტკიცებულია

პარლამენტმა 18 სექტემბერს ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფის შედეგად შექმნილი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს შვიდ-წევრიანი საბჭოს ოთხი წევრი დაამტკიცა.

მთავრობის მიერ წარდგენილი ოთხი წევრია: ირაკლი კოვზანაძე; ეკატერინე გალდავა; საშა ტერნესი და ეფრემ ურუმაშვილი.

ირაკლი კოვზანაძე 2012 წლიდან დღემდე სახელმწიფო საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო. 2004-2008 წლებში ის საქართველოს პარლამენტის წევრი იყო და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს თავმჯდომარეობდა.

ეკატერინე გალდავა 2012 წლის მაისიდან ქართუ ბანკის შიდა აუდიტის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2005–2007 წლებში ის ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი იყო და საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტს კურირებდა.

საშა ტერნესი ცოტა ხნის წინ შექმნილი Ternes Real Estate Fund–ის მმართველი პარტნიორია. 2012–2014 წლებში ის „პროკრედიტ ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორი, ხოლო 2014–2015 წლებში „საქართველოს ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო.

ეფრემ ურუმაშვილი კომპანია „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ პარტნიორი იყო; 2007–2010 წლებში ის საქართველოს ბანკის ფინანსური დირექტორის მოადგილე იყო.

კოვზანაძე, გალდავა და ტერნესი საბჭოს წევრებად 7 წლის ვადით, ხოლო ურუმაშვილი 5-წლიანი ვადით დაამტკიცეს.

საბჭოში მთავრობის კვოტით კიდევ ერთი ვაკანსია რჩება, რომლის შევსებაც, მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის ცნობით, მოგვიანებით იგეგმება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ამ საბჭოს ექსოფიციო წევრი იქნება და კიდევ ერთ ადგილს ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთი წევრი დაიკავებს.

კანონის მიხედვით, სააგენტოს საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მასში მონაწილეობს სააგენტოს საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი, მათ შორის  სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც საბჭო თავისი შემადგენლობიდან სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს პარლამენტის მიერ დამტკიცებული წევრებიდან.

შემდგომი საკადრო გადაწყვეტილებები შეეხება სააგენტოს უფროსის დამტკიცებას, რომლის კანდიდატურასაც, საბჭოს სრული შემადგენლობის თანხმობით, საბჭოს თავმჯდომარე  წარუდგენს პარლამენტს, რომელიც სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, თუმცა არანაკლებ 50 ხმით დაამტკიცებს მას თანამდებობაზე 7 წლის ვადით.

საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას ითვალისწინებს და რომელიც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, ბიზნესასოციაციების, ოპოზიციური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჯგუფისა და თავად ეროვნული ბანკის კრიტიკის ობიექტი გახდა, პარლამენტმა 17 ივლისს დაამტკიცა, თუმცა მას პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ივლისის ბოლოს დაადო ვეტო, რომელიც პარლამენტმა არ გაიზიარა და სექტემბრის დასაწყისში ვეტო დაძლია. პრეზიდენტმა ვეტო დაძლეულ კანონპროექტს ხელი მოაწერა და ახალი კანონი ძალაში შევიდა.