საქართველოს ახალი წესით არჩეული მთავარი პროკურორი სავარაუდოდ ახლო მომავალში ეყოლება
პარლამენტმა 18 სექტემბერს მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა პროკურატურის რეფორმის შესახებ კანონპროექტი, რომელიც მთავარი პროკურორის ახალი წესით არჩევას ითვალისწინებს.
კანონი მას შემდეგ ამოქმედდება, რაც მას პრეზიდენტი მოაწერს ხელს და ძალაში შესვლიდან ერთი თვის თავზე დაიწყება ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის და ექვსი წლის ვადით არჩევის პროცედურები.
ამჟამად, მთავარ პროკურორს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ–მინისტრი.
ახალი წესი კი მთავარი პროკურორის არჩევის უფრო რთულ პროცედურას ითვალისწინებს პარლამენტისა და ახალი კოლეგიური ორგანოს – საპროკურორო საბჭოს ჩართულობით – ამ პროცესში მთავრობასა და იუსტიციის მინისტრს კვლავ მნიშვნელოვანი როლი უნარჩუნდებათ.
კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უნდა შეიქმნას 15-წევრიანი საპროკურორო საბჭო, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ექსოფიციო წევრის სტატუსით უხელმძღვანელებს და მის შემადგენლობაში ასევე შევლენ: პროკურორთა კონფერენციის არჩეული 8 წევრი, პარლამენტის 2 დეპუტატი, რომელთაგან ერთს პარლამენტი უმრავლესობიდან და მეორეს უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატებიდან აირჩევს; იუსტიციის საბჭოს მიერ არჩეული საერთო სასამართლოების 2 მოსამართლე; და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარდგინებით პარლამენტის მიერ არჩეული 2 წევრი.
კანონის ამოქმედებიდან ერთთვიანი ვადის გასვლისთანავე იუსტიციის მინისტრი აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის სამ კანდიდატს წარუდგენს.
საპროკურორო საბჭომ წარდგენილ კანდიდატთაგან ერთი უნდა შეარჩიოს არანაკლებ 2/3-ით ანუ სულ ცოტა 10 ხმით. თუ ვერცერთი კანდიდატი ხმების საკმარის რაოდენობას ვერ დააგროვებს, იუსტიციის მინისტრმა ახალი კანდიდატები უნდა წარადგინოს.
საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი მთავრობას წარუდგენს. მთავრობის მიერ დაბლოკვის შემთხვევაში, ახალი კანდიდატის წარდგენისთვის პროცესი ხელახლა დაიწყება.
მთავრობის მიერ საპროკურორო საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატის მოწონების შემთხვევაში, კანდიდატი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. კანდიდატის მთავარ პროკურორად ექვსი წლის ვადით დასამტკიცებლად სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო. ერთი და იგივე პირი მთავარ პროკურორად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.
მთავარი პროკურორი შეიძლება გახდეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და მაღალი ავტორიტეტის მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც პროკურორად, სისხლის სამართლის საქმეებზე მოსამართლედ ან ადვოკატად მუშაობის სულ ცოტა 5-წლიანი გამოცდილება მაინც აქვს ან არის იურიდიული პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილების მქონე სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიდან.
მთავარი პროკურორის არჩევისთანავე მოქმედ მთავარ პროკურორს უფლებამოსილება შეუწყდება.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების პროცედურებს, რომელშიც მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ საპროკურორო საბჭოსა და პარლამენტს, რომელიც ამ საკითზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს.