უგულავა სასამართლომ გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 4.5 წლით პატიმრობა შეუფარდა



გიგი უგულავა მხარდამჭერების და ნაციონალური მოძრაობის ლიდერების გარემოცვაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მას შემდეგ, რაც მოსამართლემ 18 სექტემბერს ღამით მის წინააღდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

თბილისის ყოფილ მერს და ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთ ლიდერს გიგი უგულავას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა მას შემდეგ, რაც სასამართლომ იგი თბილისის მერად მუშაობის დროს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მას ცალკე საქმეზე, რომელიც იმავე პროცესის ფარგლებში განიხილებოდა და ფულის გათეთრების ბრალდებას მოიცავდა, უგულავას გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.

40 წლის გიგი უგულავა სასამართლოს შენობაში დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო განხილვის შედეგად პარასკევს ღამით განაჩენი გამოიტანა.

განაჩენის გამოტანამდე ერთი დღით ადრე უგულავა 14–თვიანი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მან საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე მოიგო.

მან და მისმა ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა უარი თქვეს სასამართლო დარბაზში შესვლაზე განაჩენის მოსასმენად და პროცესს „ფარსი“ უწოდეს.

უგულავა განაჩენს სასამართლოს შენობის წინ ელოდა, სადაც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ ის სასამართლოს შენობაში შევიდა, სადაც მანდატურებთან ერთად უცდიდა ბადრაგს, რომელმაც მოგვიანებით ის ციხეში გადაიყვანა.

„ახლა მივდივარ დასასვენებლად“, – განაცხადა უგულავამ ღიმილით სასამართლოს ფოიეში, სანამ მას ციხეში გადაიყვანდნენ.

მოსამართლის მიერ გამოტანილი თავდაპირველი განაჩენი 9–წლიანი პატიმრობა იყო, თუმცა შემდეგ ის 4 წლამდე და 6 თვემდე შემცირდა, ვინაიდან წაყენებული ბრალდებები პარლამენტის მიერ 2012 წლის დეკემბერში მიღებულ ამნისტიის აქტს დაექვემდებარა.

უგულავას ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლოს განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრდება.

ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი, რომელსაც ასევე ქონდა წაყენებული ბრალი იმავე საქმეზე დაუსწრებლად, გაამართლეს.

გაფლანგვის ბრალდებები, რომელშიც უგულავა დამნაშავედ ცნეს, 2009 წლის საქმეს უკავშირდება, როდესაც ის თბილისის მერი იყო.

პროკურატურის თქმით, უგულავამ 4.1 მილიონი ლარის ოდენობის საბიუჯეტო თანხები გაფლანგა თბილისის მუნიციპალურ სამსახურში 760–ზე მეტი ფიქტიური სამუშაოს შექმნის გზით, რომლის საშუალებითაც თანხები ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების ხელფასების დაფარვას მოხმარდა.

იგივე სასამართლო პროცესი, რომელიც 2013 წლის პირველ ნახევარში დაიწყო, მოიცავდა ცალკე ბრალდებებს, მათ შორის ფულის გათეთრების თაობაზე, რომელთან დაკავშირებითაც პროკურატურა აცხადებდა, რომ 2008 წელს უგულავამ და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა კეზერაშვილმა რამდენიმე მილიონი აშშ დოლარი მიითვისეს ე.წ. „რიყის საქმეზე“ ტელეიმედის ხელში ჩაგდების მიზნით. ამ ეპიზოდში უგულავაც და კეზერაშვილიც გაამართლეს.

ეს ერთ–ერთი იყო იმ სხვა სასამართლო პროცესებიდან, რომლებიც უგულავას მიმართ მიმდინარეობს სხვა ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელთაც თბილისის ყოფილი მერი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე საათიანი შესვენება გამოაცხადა, უგულავამ განაცხადა, რომ სასამართლოს მიზანი არა სიმართლის დადგენა, არამედ მისი დაპატიმრებაა.

ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერებმა, რომლებიც სასამართლოს შენობის შესასვლელის წინ იყვნენ შეკრებილები, ასევე აცხადებდნენ განაჩენის გამოტანამდე, რომ განაჩენი უკვე წინასწარაა გამოტანილი „არაფორმალური მმართველის“ ბიძინა ივანიშვილის მიერ.

18 სექტემბერს სასამართლოს შენობის წინ მხარდამჭერებთან საუბრისას უგულავამ განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნება მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამარცხდება.

„2016 წელი არის მაქსიმალური ვადა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის“, – მიმართა მან მხარდამჭერებს, რომლებიც სკანდირებდნენ „გიგი, გიგი“.



გიგი უგულავა თბილისის საქალაქი სასამართლოს წინ მხარდამჭერებს მიმართავს მას შემდეგ, რაც მოსამართლემ 18 სექტემბერს ღამით მის წინააღდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

ერთი დღით ადრე უგულავამ განაცხადა, რომ ივანიშვილი „პოლიტიკურ ფასს“ გადაიხდის მისი ხელახალი დაპატიმრების შემთხვევაში.

გაფლანგვის ბრალდება, რომელშიც უგულავა 18 სექტემბერს დამნაშავედ ცნეს, იმ პირველ სისხლის სამართლებრივ საქმეს უკავშირდება, რომელიც უგულავას წინააღმდეგ 2013 წლის თებერვალში აღიძრა.

2013 წლის დეკემბერში უგულავას პროკურატურამ ასევე ბრალი დასდო დედაქალაქის განვითარების ფონდიდან 48.18 მლნ ლარის ოდენობით სახელმწიფო სახსრების გამოყენებაში ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა ხარჯების დასაფარად 2011–2012 წლებში. სასამართლომ ამ ბრალდებებთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე, თუმცა მას მერის უფლებამოსილება შეუჩერა. 2014 წლის მაისში საკონსტიტუციო სასამართლომ თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერების საფუძველი არაკონსტიტუციურად ცნო.

ცალკე ბრალდებები უგულავას 2014 წლის ივლისში წაუყენეს, როდესაც ის ნაციონალური მოძრაობის  საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო. ბრალდებები მოიცავდა ფულის გათეთრების სქემას, რომლის საშუალებითაც, პროკურატურის განცხადებით, უგულავა ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა. სასამართლომ ამ საქმესთან დაკავშირებით მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

უგულავა წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, როდესაც 2014 წლის ივლისში პროკურატურამ მას ახალი ბრალდებები წაუყენა, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას უკავშირდებოდა 2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული აქციის დარბევასა და იმ დროს პატარკაციშვილის მფლობელობაში არსებული ქონების, მათ შორის ტელეკომპანია “იმედის“ დარბევასა და ჩამორთმევასთან დაკავშირებით. იმავე საქმეზე პროკურატურამ ბრალდებები ასევე წაუყენა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს.

როდესაც უგულავას 9–თვიანი წინასწარი პატიმრობა დასასრულს უახლოვდებოდა და მისი გათავისუფლების დრო ახლოვდებოდა, პროკურატურამ 2015 წლის მარტში მის წინააღმდეგ წაყენებული ერთ–ერთი ბრალდება დაამძიმა, რამაც საშუალება მისცა პროკურატურას სასამართლოსთვის მისი წინასწარ პატიმრობაში დატოვება ეთხოვა.

მართალია საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, თუმცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმა, რომელიც 2010 წლიდან, იმ პერიოდიდან მოქმედებს, როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში, უშვებს 9–თვიანი წინასწარი პატიმრობის გაგრძელებას, თუ იმავე პირს ახალ ბრალდებებს წაუყენებენ.

როდესაც 2015 წლის მარტში უგულავას წინასწარი პატიმრობა გაგრძელდა და 9 თვეს გასცდა, მან სასამართლოს გადაწყვეტილებას „კონსტიტუციის გაუპატიურება“ უწოდა.

აპრილის ბოლოს უგულავას ადვოკატებმა წინასწარი პატიმრობის ვადებთან დაკავშირებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს, რომელმაც 16 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ბრალდებული პირის წინასწარ პატიმრობაში 9-თვიან ზღვრულ ვადაზე მეტი ხნით ყოფნა არაკონსტიტუციურია. შედეგად უგულავა 17 სექტემბერს 14–თვიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა, თუმცა 24 საათში მის მიმართ პირველ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი გამოიტანეს და ის კვლავ დააპატიმრეს.

სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ პარტია საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს, რომლის თაობაზეც განცხადება უახლოეს დღეებში გაკეთდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)