საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საფრანგეთს ეწვევა
საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს 22-23 სექტემბერს ეწვევა, სადაც დაგეგმილია მისი შეხვედრა ფრანგ კოლეგასთან ლორან ფაბიუსთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები საფრანგეთის ბიზნეს კონფედერაციის საერთაშორისო ორგანიზაცია „MEDEF International“-ში, სადაც კვირიკაშვილი, რომელიც იმავდროულად ვიცე-პრემიერიცაა, ორგანიზაციის პრეზიდენტს ჟან ბიურელეს და საფრანგეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს გააცნობს.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, რომელიც ამ თანამდებობაზე 21 სექტემბერს დაინიშნა მას შემდეგ, რაც ეკონომიკის სამინისტროდან გიორგი კვირიკაშვილის საგარეო უწყების ხელმძღვანელად გადაყვანის შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს ინარჩუნებდა; ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი; საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი ასლანიშვილი.