ღარიბაშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ეკონომიკური გუნდი ორშაბათს საღამოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს შეხვდა იმ ფონზე, როდესაც ეროვნული ვალუტის გაუფასურება რეკორდულ მაჩვენებელს უახლოვდება.

ეროვნული ბანკის მიერ სამშაბათს დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, ლარი 2.4499–იან ნიშნულამდე დაეცა აშშ დოლართან მიმართებაში და 1999 წლის თებერვალში არსებულ 2.451–იან ისტორიულ მინიმუმს მიუახლოვდა.

ერთ კვირაში ლარმა აშშ დოლართან მიმართებაში თავისი ღირებულების 2% დაკარგა და 2014 წლის სექტემბერთან შედარებით 40%–ით გაუფასურდა.

თბილისში ვალუტის გადამცვლელ ჯიხურები ორშაბათს საღამოს დოლარს 2.46 ლარად ყიდიდნენ.    

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, რომელიც ეროვნულ ბანკს 1993-98 წლებში ხელმძღვანელობდა, 21 სექტემბერს გამოქვეყნებულ საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართული ეკონომიკა „ვერ გაუძლებს“, თუ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2.54-იან ნიშნულს მიაღწევს.

ამგვარი განვითარება, როგორც მან „კვირის პალიტრას“ განუცხადა, მღელვარების  შექმნის საშიშროებას შეიცავს, ვინაიდან ქვეყანაში სესხების 64% უცხოურ ვალუტაში, ძირითადად, აშშ დოლარშია აღებული.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და პრემიერ–მინისტრის ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია.

„ეროვნული ბანკის და ფინანსთა სამინისტროს პროგნოზებით, ლარის დასტაბილურება უნდა დაიწყოს საშუალოვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა, რომელიც ერთი თვის წინ აცხადებდა, რომ „ადამიანებს აქვთ ცრუ, არასწორი მოლოდინი შექმნილი, რომ ლარის კურსი კვლავ გაუფასურდება შემოდგომაზე, რაც არასწორია“.

„ისინი [ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო] მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტებს და ბერკეტებს გამოიყენებენ და სიტუაციას მაქსიმალურად გააკონტროლებენ“, – უთხრა პრემიერ–მინისტრმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ, „მთავარია ახლა ჩვენ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და აღარ ავყვეთ აჟიოტაჟს და ემოციებს. ყველა პოლიტიკოსს, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორს, ექსპერტებს, ყველა მინდა მივმართო, აქ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ყველაზე მთავარი – ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები და დაუშვებელია ეროვნულ ვალუტაზე ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთება“.

პრემიერ–მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ფინანსთა მინისტრი გადახედავს საბიუჯეტო მაჩვენებლებს და ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ინტერვენციას განახორციელებს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ გაცვლითმა კურსმა თავის პიკს მიაღწია და ლარზე შემდგომი ზეწოლა მოსალოდნელი აღარ არის.

„იმ შემთხვევაში, თუ ზეწოლა გაძლიერდა, ჩვენ მზად ვართ უფრო აგრესიული მონეტარული პოლიტიკა განვახორციელოთ, იგულისხმება ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტის გამოყენება, მათ შორის, თუ საჭირო გახდა, სავალუტო ინტერნევციებიც“, – განაცხადა ქადაგიძემ. 

აგვისტოს ბოლოს მდგომარეობით, ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვებმა 2.26 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

უკანასკნელად ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია 2015 წლის აპრილის ბოლოს განახორციელა და 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა; მანამდე, მიმდინარე წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა 160 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა ოთხი ინტერვენციის შედეგად.

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ ის მაკროეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც ზეწოლას ახდენდნენ ლარზე, მთლიანად ამოწურულია და ამიტომ „საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით ლარის გამყარებას“.

მან ასევე განაცხადა, რომ არც საბიუჯეტო ხარჯებს და არც რეფინანსირების სესხებს ლარის გაუფასურებაზე გავლენა არ მოუხდენია. კოალიცია ქართული ოცნების ზოგიერთი დეპუტატი ეროვნულ ბანკს ლარზე უარყოფით ზეგავლენაში ადანაშაულებდა, მათ შორის მისი რეფინანსირების სესხების გზით. 

საქართველოს ექსპორტის და ფულადი გზავნილების მაჩვენებელმა აგვისტოში კლების ტენდენცია განაგრძო.

ფულადმა გზავნილებმა აგვისტოში 84.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 45.67 მილიონით ნაკლებია შარშანდელ აგვისტოსთან შედარებით.

უცხოეთიდან ფულადი გზავნილები 2015 წლის პირველ რვა თვეში 26%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 714.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ძირითადად გამოიწვია ფულადი გზავნილების კლებამ რუსეთიდან და საბერძნეთიდან, რომლებიც ფულადი შემოდინების ორი უმსხვილესი წყაროა საქართველოსთვის.

ექსპორტი აგვისტოში 23.4%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 190 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 2015 წლის პირველ რვა თვეში ექსპორტი 23.7%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 1.45 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტი იანვარ–აგვისტოში 10.2%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით; 2015 წლის პირველ რვა თვეში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 3%–ით შემცირდა და 3.47 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.