პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარასკევს ნიუ–იორკში გაემგზავრა, სადაც მომდევნო კვირის ბოლოს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოვა სიტყვით და ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებშიც მიიღებს მონაწილეობას.
28 სექტემბერს პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი გაეროს სამშვიდობო მისიების სამიტს დაესწრება, რომელიც აშშ–ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას თავმჯდომარეობით გაიმართება. პრემიერ–მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ასევე გაეროს მდგრადი განვითარების სამიტში და გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს შეხვდება.
მომავალ კვირას ნიუ–იორკს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით ცალკე დელეგაცია ესტუმრება საქართველოდან. პრეზიდენტი ქალთა უფლებებზე მაღალი დონის დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას. დისკუსიის ორგანიზატორია მსოფლიოს ქალ ლიდერთა საბჭო, რომლის თავმჯდომარეც არის ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე. ნიუ-იორკიდან პრეზიდენტი მარგველაშვილი ვაშინგტონში გაემგზავრება.