მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ–ს სტუმრობს
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიმდინარე კვირას ნიუ–იორკს და ვაშინგტონს სტუმრობს, სადაც ის რამდენიმე ანალიტიკურ ცენტრში სიტყვით გამოსვლას და ამერიკელ კანონმდებლებთან შეხვედრებს გეგმავს.
27 სექტემბერს იგი ნიუ–იორკში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.
ნიუ–იორკში პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელმაც 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა, ლიტვის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში – „აღმოსავლეთ ევროპის მომავალი, ქალთა როლის გაძლიერება“ მიიღებს მონაწილეობას.
29 სექტემბერს მარგველაშვილი ფორდჰემის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში წაიკითხავს ლექციას, შემდეგ კი საგარეო ურთიერთობათა საბჭოში გამოვა სიტყვით.
საქართველოს პრეზიდენტი აშშ–ის სანაპირო დაცვის აკადემიასაც ეწვევა, სადაც ნიუ–ჯერსიში მარტში ავტოკატასტროფაში დაღუპული ორი ქართველი კადეტის, სოსო მაკარიძის და ბესარიონ გორჯოლაძის ხსოვნას პატივს მიაგებს.
შემდეგ მარგველაშვილი ვაშინგტონში გაემგზავრება, სადაც „დაგეგმილია შეხვედრები სენატორებთან და კონგრესმენებთან, მათ შორის არიზონას შტატის სენატორ ჯონ მაკკეინთან“.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვაშინგტონში გიორგი მარგველაშვილი მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტებს და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდება. იგი ასევე ეწვევა ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს.
დაგეგმილია პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ვილსონის და სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში. ასევე შეხვედრები გაიმარათება კარნეგის ცენტრის ხელმძღვანელთან, უშიშროების და საგარეო ურთიერთობის კომიტეტების წარმომადგენლებთან.
ნიუ–იორკს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ასევე სტუმრობს ცალკე დელეგაცია საქართველოდან პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით.
26 სექტემბერს პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი გაეროს მდგრადი განვითარების სამიტზე, ხოლო 27 სექტემბერს გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებამოსილების გაზრდის საკითხებზე მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე გამოვიდა სიტყვით.
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი გაიანას პრეზიდენტს, დევიდ არტურ გრეინჯერს; ტოგოს პრეზიდენტს, ფორ გნასინგბეს; ეკვატორული გვინეის ვიცე-პრეზიდენტს, თეოდორო ნგუემა ობიან მანუესს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრს ხანმოკლე შეხვედრა ჰქონდა გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან, რომლის დროსაც, ღარიბაშვილის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „კანცლერმა საქართველოს მთავრობის მეთაური მოიკითხა და წარმატება უსურვა“.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ვიქტორია ნულანდთან ღარიბაშვილის შეხვედრის დროს მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და დემოკრატიული რეფორმები განიხილეს.
პრემიერ–მინისტრი ასევე შეხვდა დემოკრატ კონგრესმენ ელიოტ ენგელს საგარეო საქმეთა კომიტეტიდან.
ღარიბაშვილი ასევე შეხვდა ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ–მინისტრს, ტონი ბლერს, რომელიც, ღარიბაშვილის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა თბილისში მოიწვია.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც პრემიერ–მინისტრს ახლავს აშშ–ში, ასევე მართავს ორმხრივ შეხვედრებს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კვირიკაშვილი თავის კოლეგებს შეხვდა პორტუგალიიდან, ყირგიზეთიდან, სენეგალიდან, ნიგერიიდან, სიერა ლეონედან, განადან, საბერძნეთიდან, ლიტვიდან, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ნორვეგიიდან, სერბეთიდან, ტრინიდადი და ტობაგოდან, სენტ ლუჩიადან და ავღანეთიდან.