მარგველაშვილმა პროკურატურის კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილებებს, თუმცა მიაჩნია, რომ ის პროკურატურის „რეალურ რეფორმას“ ვერ უზრუნველყოფს,  განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

„საქართველოს პრეზიდენტი პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებს ხელს მოაწერს, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში პროკურატურის რეალური რეფორმა დაიწყება“, – განუცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებს 28 სექტემბერს.

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ არაერთხელ გაცხადდა სამართალდამცავი ორგანოების, მათ შორის პროკურატურის სრულფასოვანი რეფორმირების აუცილებლობის თაობაზე, ასევე პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი, მიუკერძოებელი და მაღალპროფესიულ სტანდარტებზე დაფუძნებული პროკურატურის მნიშვნელობის შესახებ“, – განაცხადა მან, „უდავოა, რომ პროკურატურის სისტემაში რეალური და სიღრმისეული რეფორმების გატარების აუცილებლობის თაობაზე საზოგადოებაში არსებობს სრული კონსენსუსი“.

„საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილება, რაც წარმოდგენილია ხელმოსაწერად, არსობრივად მხოლოდ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე გამწესება-გათავისუფლების ახლებურ რეგულაციებს ადგენს“, – განაცხადა მან, „პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უნდა განისაზღვროს პროკურატურის სტატუსი და ადგილი სახელისუფლებო ორგანოთა სისტემაში, სრულყოფილად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი პროკურატურის ინსტიტუციური და პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის, ასევე საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების პირობები“.

პარლამენტმა 18 სექტემბერს მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა პროკურატურის რეფორმის შესახებ კანონპროექტი, რომელიც მთავარი პროკურორის ახალი წესით არჩევას ითვალისწინებს. კანონის ძალაში შესვლიდან ერთი თვის თავზე დაიწყება ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის და ექვსი წლის ვადით არჩევის პროცედურები.

ამჟამად, მთავარ პროკურორს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ–მინისტრი.

ახალი წესი კი მთავარი პროკურორის არჩევის უფრო რთულ პროცედურას ითვალისწინებს პარლამენტისა და ახალი კოლეგიური ორგანოს – საპროკურორო საბჭოს ჩართულობით.

ოპოზიციური დეპუტატები ნაციონალური მოძრაობიდან და თავისუფალი დემოკრატებიდან კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდნენ, რადგანაც ცვლილებების თანახმად, მთავრობას და იუსტიციის მინისტრს კვლავ მნიშვნელოვანი როლი რჩებათ პროცესში. მათი თქმით, კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფს პროკურატურის დეპოლიტიზაციას.

კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის ასევე განაცხადა, რომ ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს რეალურ რეფორმას. კოალიციამ მთავარი პროკურორის შერჩევის და არჩევის პროცესში მმართველი პარტიის ძლიერი როლის შენარჩუნებაც გააკრიტიკეს.

კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უნდა შეიქმნას 15-წევრიანი  საპროკურორო საბჭო, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ექსოფიციო წევრის სტატუსით უხელმძღვანელებს და მის შემადგენლობაში ასევე შევლენ: პროკურორთა კონფერენციის არჩეული 8 წევრი, პარლამენტის 2 დეპუტატი, რომელთაგან ერთს პარლამენტი უმრავლესობიდან და მეორეს უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატებიდან აირჩევს; იუსტიციის საბჭოს მიერ არჩეული საერთო სასამართლოების 2 მოსამართლე; და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარდგინებით პარლამენტის მიერ არჩეული 2 წევრი.

კანონის ამოქმედებიდან ერთთვიანი ვადის გასვლისთანავე იუსტიციის მინისტრი აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის სამ კანდიდატს წარუდგენს.

საპროკურორო საბჭომ წარდგენილ კანდიდატთაგან ერთი უნდა შეარჩიოს არანაკლებ 2/3-ით ანუ სულ ცოტა 10 ხმით. თუ ვერცერთი კანდიდატი ხმების საკმარის რაოდენობას ვერ დააგროვებს, იუსტიციის მინისტრმა ახალი კანდიდატები უნდა წარადგინოს.

საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი მთავრობას წარუდგენს. მთავრობის მიერ დაბლოკვის შემთხვევაში, ახალი კანდიდატის წარდგენისთვის პროცესი ხელახლა დაიწყება.

მთავრობის მიერ საპროკურორო საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატის მოწონების შემთხვევაში, კანდიდატი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

კანდიდატის მთავარ პროკურორად  ექვსი წლის ვადით დასამტკიცებლად სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო. ერთი და იგივე პირი მთავარ პროკურორად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)