მარგველაშვილი: ‘არ დავუშვებ შეწყალების მექანიზმის განხილვას რაიმე პოლიტიკურ კონტექსტში’

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების შესაძლო შეწყალების იდეაზე განაცხადა, რომ ის ამ „ჰუმანური“ მექანიზმის „პოლიტიკურ კონტექსტში“ გამოყენებას „არ დაუშვებს“. 

„მე მანამდეც ძალიან მტკიცედ ვიცავდი შეწყალების მექანიზმის ჰუმანურ ნაწილს და არაფრის დიდებით არ ვუშვებდი და არც მომავალში არ დავუშვებ შეწყალების მექანიზმის განხილვას რაიმე პოლიტიკურ კონტექსტში“, – განაცხადა აშშ-ში ვიზიტით მყოფმა გიორგი მარგველაშვილმა ქართველ ჟურნალისტებთან კომენტარში.   

„შეწყალების მექანიზმი არ არის პოლიტიკური საკითხების, პოლიტიკური სამართლის ან უსამართლობის საკითხების გადაწყვეტის ადგილი“, – აღნიშნა მან, „ასე რომ, შეწყალების მექანიზმი იყო და რჩება ჰუმანურ ფუნქციად სახელმწიფოსი და მე მინდა ეს კარგად ესმოდეთ ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც ცდილობს, რომ შეწყალების მექანიზმი განიხილოს პოლიტიკური დისკუსიის ნაწილად. ეს ასე არ მოხდება“.

ამ განცხადებით პრეზიდენტი მარგველაშვილი გამოეხმაურა მისი წინამორბედის და ამჟამად ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას პატიმრობაში მყოფი თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას, ყოფილი პრემიერისა და შს მინიტრის ვანო მერაბიშვილისა და შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას შეწყალების თაობაზე.

„პრეზიდენტ მარგველაშვილის ადგილი შემდგომ ისტორიაში, შემდგომ ქართულ პოლიტიკაში… განიზომება იმით, შეიწყალებს თუ არა ის იმ სამ ადამიანს, ვინც წარმოუდგენლად ბევრი რაღაც გააკეთა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკვირაო გადაცემა P.S.-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

„მარგველაშვილის წესიერების განმსაზღვრელი იქნება, თუ ის ამ შეწყალების აქტს მოაწერს ხელს“, – აღნიშნა ოდესის გუბერნატორმა, რომელიც ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის ფორმალურ თავმჯდომარედ რჩება.

28 სექტემბერს სააკაშვილის ამ განცხადების კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა: „საინტერესო იქნებოდა მიხეილ სააკაშვილს ესაუბრა მისი პრეზიდენტის ბატონი პოროშენკოს მომავალზე და პოლიტიკაზე და ა.შ., ვინაიდან ის დღეს უკრაინის სამსახურშია და მე ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ყურადღება მიაქციოს იმას, თუ მისი მაღალჩინოსანი რა პოზიციებს აფიქსირებს მეგობრული საქართველოს მიმართ“.

მან ასევე განაცხადა, რომ შეწყალების მექანიზმი „ეს არის პრეზიდენტის კომპეტენცია და ის პასუხს აგებს პირადად იმაზეც, რასაც გააკეთებს და იმაზეც, რასაც არ გააკეთებს“.   

„მე დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი მარგველაშვილი პროცედურებში დაიცავს საქართველოს კონსტიტუციას, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მიიღებს გადაწყვეტილებას ქვეყნის სასიკეთოდ, კონსტიტუციის ფარგლებში და იმ პრინციპებიდან გამომდინარე, რასაც უნდა ეფუძნებოდეს შეწყალების აქტი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა მედიასთან შეხვედრის დროს.

ივლისში პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ნაციონალური მოძრაობასთან დაკავშირებული პირები, მათ შორის ოპოზიციონერი დეპუტატის აკაკი ბობოხიძის ძმა შეიწყალა.

ამ აქტის გამო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღიად გააკრიტიკა გიორგი მარგველაშვილი, როგორც  "ჭეშმარიტად ნაციონალური" პრეზიდენტი და სარკაზმით განაცხადა: „იმედი მაქვს, რომ სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს და სხვებსაც, ‘კეთილ ადამიანებს’ შეიწყალებს ძალიან მალე“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)