საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთობლივი შეხვედრა გამართეს

საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გიორგი კვირიკაშვილმა, ნატალია გერმანმა და პავლო კლიმკინმა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, 28 სექტემბერს ერთობლივი შეხვედრა გამართეს აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეერთებული შტატების მხარეს შეხვედრაზე წარმოადგენდნენ სახელმწიფო მდივნის მოადგილე ენტონი ბლინკენი,  ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი ჩარლზ კაპჩანი და  სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპულ და ევრაზიულ საქმეებში ბრიჯიტ ბრინკი, რომელიც 2011-2014 წლებში თბილისში აშშ-ის ელჩის მოადგილედ მსახურობდა.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს, ასევე ისაუბრეს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობაში შემავალ ამ სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათ შორის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გამოცდილების გაზიარებისა და რეფორმების განხორციელების კუთხით.  

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა სამივე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართ, გამოთქვა მზადყოფნა დახმარება გაუწიოს აღნიშნულ ქვეყნებს და საერთაშორისო არენაზე მოახდინოს შესაბამისი მხარდაჭერის კონსოლიდაცია“, – იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება შეხვედრის შესახებ გავრცელებულ პრესრელიზში. 

გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ს  მადლობა გადაუხადა  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის „ურყევი მხარდაჭერისთვის“ და ორხრივი ურთიერთობების განვითარების კონტექსტში განსაკუთრებით აღნიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობა, აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ახლავს თან აშშ-ში, ასევე განაგრძობს ორმხრივ შეხვედრებს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში.

გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა კოლეგებს ლატვიიდან, ბელარუსიდან, ბოსნია-ჰერცეგოვინადან, ბაჰრეინიდან, ტონგადან, ფიჯიდან, ბოტსვანადან, გაბონის, კაბო-ვერდესა და დომინიკის სახელმწიფოებიდან. მან ასევე მონაწილეობა მიიღო კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ყოველწლიურ შეკრებაში და პრემიერ-მინისტრთან ერთად ასევე დაესწრო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ფრანს ტიმერმანსის და ევროპის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის სახელით გამართულ მიღებას.