წლიურმა ინფლაციამ სექტემბერში 5.2% შეადგინა

„საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ სექტემბერში 5.2% შეადგინა მას შემდეგ, რაც აგვისტოში ეს მაჩვენებელი 5.4%-იან ნიშნულზე იყო.

წინა თვესთან შედარებით, სექტემბერში სამომხმარებლო ფასები 1.1%-ით გაიზარდა.

სექტემბერში წლიური ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 13.4%  -ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე დაფიქსირდა; ავეჯის, საოჯახო ნივთების და სახლის მოვლის ჯგუფზე ფასები სექტემბერში წლიურ საფუძველზე 11.6%-ით გაიზრდა, ხოლო ჯანდაცვის ფასებმა 9.8%-ით აიწია.

წლიური ინფლაციის დონემ საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ჯგუფზე სექტემბერში 7.2% შეადგინა.

სურსათზე ფასები 4.2%-ით გაიზარდა, ხოლო ტრანსპორტის ჯგუფზე 1.8%-ით შემცირდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სექტემბერში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 100 საბაზისო პუნქტით, 7%–მდე გაზარდა და ამის მიზეზად, აშშ დოლარის მიმართ ლარის გაუფასურების ფონზე, „ინფლაციის მოლოდინების“ მკვეთრი ზრდა დაასახელა.