ყაზტრანსგაზმა ქართულ შვილობილ კომპანიასთან დაკავშირებით შესაძლოა საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართოს
ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია „ყაზტრანსგაზმა“ ოფიციალურად მიმართა საქართველოს, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები თბილისში მისი კუთვნილი გაზგამანაწილებელი კომპანიის ირგვლივ არსებული ხანგრძლივი დავის მოსაგვარებლად; წინააღმდეგ შემთხვევაში, დავის საერთაშორისო არბიტრაჟში გადატანის შესახებ გააფრთხილა, სადაც ყაზახური კომპანია ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს, რომელიც მისი თქმით, 130 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის ექვივალენტია.
თბილისში იმედოვნებენ, რომ საქმე არბიტრაჟამდე არ მივა და „ყაზტრანსგაზ თბილისის“ თაობაზე არსებული დავა მიმდინარე მოლაპარაკებების გზით მოგვარდება.
„ყაზტრანსგაზმა“თბილისში გაზგამანაწილებელი კომპანია 2006 წელს შეიძინა, თუმცა სამ წელიწადში სახელმწიფომ ყაზახური კომპანიის ქართულ შვილობილ კომპანიას მართვის უფლება ჩამოართვა მას შემდეგ, რაც ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ „ყაზტრანსგაზ თბილისში“ სპეციალური მმართველი დანიშნა.
ეს საკითხი, სავარაუდოდ, მაშინ წამოიწია, როდესაც საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2014 წლის ნოემბერში ყაზახეთს სტუმრობდა. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, რომელიც ახლდა პრემიერ–მინისტრს, განაცხადა მაშინ, რომ გაზგამანაწილებელი კომპანიის მართვა „უახლოეს მომავალში“ ისევ ყაზახურ კომპანიას გადაეცემოდა.
კალაძემ 6 ოქტომბერს ამ საკითხზე გაკეთებულ კომენტარში კვლავ გაიმეორა, რომ მიმდინარე ორმხრივი მოლაპარაკებების პროცესში, „ენერგეტიკის სამინისტრო არ არის წინააღმდეგი ყაზახური მხარის მენეჯმენტში დაბრუნების“.
„იყო გარკვეული პრობლემები ფინანსთა სამინისტროებს შორის და ზუსტად ამ ეტაპზე არის მოლაპარაკებები და მე ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ეს დარეგულირდება“, – განუცხადა კალაძემ 6 ოქტომბერს ჟურნალისტებს და დასძინა, რომ "მოულოდნელი იყო საპრეტენზიო წერილის მიღება ყაზტრანგაზთან დაკავშირებით".
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა გასულ კვირას აზერბაიჯანულ საინფორმაციო სააგენტო Trend–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს საკითხი კვლავ მოუგვარებელი რჩება, რადგანაც ჯერ არ არის მიღწეული შეთანხმება კომპანიის ვალთან დაკავშირებით, რაც „ყაზტრანსგაზ თბილისში“ 2009 წელს სპეციალური მმართველის დანიშვნის მიზეზი გახდა.
„ყაზტრანსგაზმა“ განაცხადა თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში 5 ოქტომბერს, რომ მან 21 სექტემბერს „წინასაარბიტრაჟო დავის მოგვარების“ შესახებ შეტყობინება გაუგზავნა საქართველოს ხელისუფლებას.
ყაზახური კომპანია გამოდის წინადადებით, რომ „საარბიტრაჟო სასამართლოში მიმართვის გარეშე მხარეებმა მოლაპარაკებები დაიწყონ სს „ყაზტრანსგაზის“ მიერ „ყაზტრანსგაზ თბილისში“ განხორციელებული ინვესტიციების თაობაზე არსებული დავის მოსაგვარებლად“.
„2006–2009 წლებში სს „ყაზტრანსგაზის“ მიერ „ყაზტრანსგაზ თბილისში“ და თბილისის გაზმომარაგების სისტემაში ჩადებული ინვესტიციების საერთო რაოდენობამ, დაახლოებით, 130 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა“, – განაცხადა „ყაზტრანსგაზმა“.
„ყაზტრანსგაზმა“ განაცხადა, რომ „ყაზტრანსგაზ თბილისში“ სპეციალური მმართველის დანიშვნის შემდეგ მას არ მიეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო ბიზნეს ოპერაციებში.
„საქართველოს ხელისუფლებამ უცხოელი ინვესტორის უფლებები დაარღვია“, – განაცხადა კომპანიამ.
„სს „ყაზტრანსგაზი“ იმედს ამყარებს ქართული მხარის კონსტრუქციულ პოზიციაზე და დავის უსწრაფეს მოგვარებაზე წინასაარბიტრაჟო პროცედურების ფარგლებში“, – განაცხადა მან.
„იმ შემთხვევაში, თუ დავა წინასაარბიტრაჟო პროცედურების ფარგლებში ვერ მოგვარდება, „ყაზტრანსგაზი“ საინვესტიციო არბიტრაჟს მიმართავს… და შეეცდება „ყაზტრანსგაზ თბილისზე“ კონსტროლის აღდგენას და ზარალის ანაზღაურებას არანაკლებ ინვესტირებული თანხის ოდენობით“, – განაცხადა „ყაზტრანსგაზმა“.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა 6 ოქტომბერს ჟურნალისტებს, რომ „ინვესტიციების გატანის“ საკითხი არ დასმულა არცერთ ოფიციალურ მოლაპარაკებაში, რომელიც მიმდინარეობდა და კვლავაც გრძელდება.
„რა თქმა უნდა, მხარეებს აქვთ უფლება, რომ ჰქონდეთ განსხვავებული პოზიციები, თუმცა მე ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების რეჟიმში ეს ყველაფერი დამთავრება“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.