ბრიუსელში ნატოს და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 2015 წლის 8 ოქტომბერს ბრიუსელში გამართული ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე. ფოტო: ნატო
საქართველო სწორ გზაზე დგას და პროგრესს აღწევს ნატოში ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ კიდევ მეტია გასაკეთებელი, განსაკუთრებით სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
მას ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრთან თინა ხიდაშელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა მას შემდეგ, რაც ხიდაშელი ალიანსის წევრი სახელმწიფოებიდან თავის კოლეგებს შეხვდა ნატო–საქართველოს კომისიის ფარგლებში, რომელიც ბრიუსელში 8 ოქტომბერს შედგა.
„საქართველო ნატოს ერთ–ერთი უახლოესი პარტნიორია. ჩვენ ერთად მტკიცედ მივიწევთ წინ“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომელიც თბილისს აგვისტოს ბოლოს სტუმრობდა, სადაც ნატო–საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის გახსნას დაესწრო.
„ჩვენი ურთიერთობა სწორ გზაზეა. საქართველო სწორ გზაზე დგას. და დღეს ჩვენ მივესალმეთ იმ პროგრესს, რომელსაც მივაღწიეთ“, – განაცხადა მან.
„თუმცა, მეტი რჩება გასაკეთებელი. გვინდა, რომ მეტი პროგრესი დავინახოთ რეფორმების ძირითად სფეროებში, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის კუთხით და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის საჭიროების თვალსაზრისით“, – დასძინა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, დეკემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები „გამონახავენ გზებს, რათა აღიარონ“ საქართველოს პროგრესი და წვლილი „საერთო უსაფრთხოებაში“, მათ შორის ავღანეთში.
„საქართველო მართლაც აღწევს პროგრესს – ის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას ახორციელებს; სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმას ატარებს; ქმნის დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას და მთლიანად საზოგადოების, მათ შორის კანონის უზენაესობის რეფორმირებას ახდენს“, – განაცხადა მან, „თუმცა ნატოს და საქართველოს საშინაო დავალება აქვთ შესასრულებელი“.
ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ „რუსეთი კვლავ არღვევს საქართველოს საზღვრებს“.
„ნატო მოუწოდებს რუსეთს შეცვალოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა მან, „რუსეთი ვერ შეცვლის საერთაშორისო სამართლის რეალობას. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილები არიან“.
მომავალი წლის სამიტზე თბილისს სურს, რომ ნატომ ან წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) მიანიჭოს, ან გამოაცხადოს, რომ MAP–ი აღარ არის წევრობის წინაპირობა.
2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატოს ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, თუმცა MAP შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ნატოს საბოლოო წევრობისკენ მიმავალ გზაზე. მას შემდეგ საქართველოს MAP–ზე უარს ეუბნებიან.
7 ოქტომბერს ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს და საგარეო საქმეთა მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა, რომელიც ასევე სტუმრობდა ბრიუსელს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)