ღარიბაშვილი ბაქოში ალიევს შეხვდა



საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ბაქოში 10 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე. ფოტო: საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშილი ბაქოში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს 10 ოქტომბერს შეხვდა.   

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის კუთხით ღარიბაშვილის ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების წარმატებული განვითარება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში, საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნების მიერ საერთო პროექტების განხორციელების მნიშვნელობას ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ დარგებში“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, 3 საათს გაგრძელდა, ღარიბაშვილმა და ალიევმა ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

„საუბრის დასაწყისში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტის მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრა“, – ნათქვამია  პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

„ლიდერებმა პოლიტიკურ-ეკონომიკურ თემებზე და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელობას და ურთიერთობების  გაღრმავების პერსპექტივებს“, – აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.

ამავე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ასევე გადაწყდა, რომ ილჰამ ალიევი „ახლო მომავალში“ ეწვევა საქართველოს.

ალიევთან შეხვედრით ღარიბაშვილის ბაქოში ვიზიტი დასრულდა.

პრემიერ–მინისტრის უცხოური ვიზიტების შესახებ ინფორმაციას მისი ადმინისტრაცია, როგორც წესი, წინასწარ ავრცელებს ხოლმე, თუმცა ამჯერად ეს ასე არ მოხდა  – ვიზიტი შაბათ დილით დაანონსდა.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)