საქართველო გმობს ანკარაში მომხდარ ტერაქტს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადეს, რომ „შეძრწუნებული" არიან ანკარაში მომხდარი ტერაქტით და სამძიმარს გამოთქვამენ ათეულობით ადამიანის დაღუპვის გამო. 

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ანკარაში მშვიდობის მარშის მსვლელობისაც მომხდარ ორ ძლიერ აფეთქებას 80-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

„საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ცალსახად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ამ ერთ-ერთი უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ“, – ნათქვამია პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებაში. 

„ამ განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ თურქეთის ხელისუფლებას და თურქ ხალხს“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

ცალკე განცხადებაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს: "სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, თურქეთის მთავრობას, ხალხს და  გამძლეობას ვუსურვებ ამ უმძიმეს წუთებში. ტერორიზმი კაცობრიობის ყველაზე დიდი ბოროტებაა და მას საზღვრები არა აქვს. ვერც ერთი სახელმწიფო ტერორიზმს მარტო ვერ გაუმკლავდება. მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს და  ებრძოლოს ამ უდიდეს დანაშაულს".